ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ტურნირის მოგება გვინდა| კვარა რეალთან მატჩის წინ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-ს მეტოქე მადრიდის „რეალია''. ამ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელის.
პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია DAZN-ს ესაუბრა.
კვარას მბაპეს ფაქტორზე ჰკითხეს. მიმდინარე ტურნირზე ფრანგს „რეალის'' სასტარტოში ჯერ არ უთამაშია. კითხვას, „რეალი'' მბაპესთან ერთად უფრო ძლიერია თუ მის გარეშე, კვარა ასე პასუხობს:
„მბაპე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მადრიდის „რეალი'' უკეთესი და უფრო სახიფათო გუნდია მასთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება მხოლოდ მასზე უნდა გავამახვილოთ. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ვცემთ პატივს „რეალის“ ყველა მოთამაშეს, მეტოქეს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ „რეალი'' გუნდურადაც ძალიან ძლიერია. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურობაა, მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ყველას წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ტურნირის მოგება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ''.
ხვიჩამ გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა: „ერთი ოჯახი ვართ, ვცდილობთ გუნდურად ვითამაშოთ. ერთად კარგად ვართ, როგორც მინდორზე, ასევე მოედნის მიღმა. ოჯახივით ვართ და ყოველი წამით ვტკბებით, ძლიერ გუნდურ სულისკვეთებას ვავლენთ, ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული''.
ხვიჩა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე: „მწვრთნელი კარგ ტაქტიკურ დავალებებს და სტიმულს გვაძლევს. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი მწვრთნელია და მისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით''.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალისა'' და პსჟ-ს მატჩი 9 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.