„ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს“ - ჯონ ანიკი ილიათი აღფრთოვანებულია
UFC-ის კომენტატორი, ჯონ ანიკი ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბს ესაუბრება და ქართველი მებრძოლის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავს.
რას ამბობს ანიკი:
„ეს სიგიჟე იყო, ასეთი რამ აქამდე არ მინახავს. ვიცი, რომ ზედმეტად ჰიპერბოლური ტონის გამო ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ილიამ ეს ისეთი სიმშვიდით, თავდაჯერებით და საოცრებით გააკეთა, რომ არავის შეუძლია მასში რაიმე სახის ეჭვი შეიტანოს. მან დიდების დარბაზის სამი მომავალი წევრი ერთმანეთის მიყოლებით დაანოკაუტა, ეს საოცრებაა“.
„დიახ, ბევრს შეუძლია პარალელი კონორ მაკგრეგორთანაც გაავლოს, მაგრამ გამარჯვების შემდეგ მას გალიებზე ხტუნაობის სურვილიც კი არ აქვს. ეს უბრალოდ სიგიჟეა... წინა საღამოს უკვე ზეიმობს, იძახის - უბრალოდ გავალ და ჩემს ქამარს ავიღებ, ის უკვე ბანაკში მოვიგე“, ეს უცნაურად ჟღერს... მაგრამ მეორე საღამოს გამოდის და ამას აკეთებს“.
„წარმოიდგინეთ, რომ ხართ ისლამი, გეიჯი ან პორიე და უყურებთ მის განვითარებას. ალბათ, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჩარლზ ოლივეირა იყო, წონის ლიდერი. ბრძოლისთვის ისევ ისეთი მშიერი და მოწყურებული. მაგრამ ილია თოფურიამ ის პირველივე რაუნდში დააფინიშა და მებრძოლების გაოგნება ამან გამოიწვია“.
„რაც შეეხება P4P-ის რეიტინგს, რთულია პირველი ადგილის დაკარგვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მაგრამ ესეც სიგიჟეა, როდესაც UFC.com-ზე შეხვალ და ისლამი ლიდერად აღარ დაგხვდება. რა გააკეთა ისლამმა ადგილის შესანარჩუნებლად? ამის ფონზე შეუძლებელია, ილია თოფურიას ქმედებებს ყურადღება არ მიაქციო. ძალიან რთულია მერაბ დვალიშვილის გაკეთებულ საქმეზე თვალების დახუჭვა. ბოლო თვეების განმავლობაში კი ისლამი კონკურენტულიც არ ყოფილა, ილიასთან და მერაბთან განსხვავებით“.
„მაგრამ ისლამი სამთავიანი ურჩხულია და მჯერა, რომ რეიტინგის ლიდერად დაბრუნება შეუძლია. მახაჩევი, მერაბი და ილია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩემთვის საუკეთესო მებრძოლები არიან. სამივე მათგანმა მაქსიმალურად გამოიყენეს თავისი პოზიციები, ძლიერი მხარეები, სასარგებლო თვისებები. თუ ნოკაუტები გიყვართ, მაშინ თოფურია მერაბზე უკეთესია, მაგრამ ისტორიული დომინირების თვალსაზრისით, მერაბიც ილიას გვერდით დგას“.
ილია თოფურიამ გასულ უქმეებზე ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. რაც შეეხება P4P-ის რეიტინგს, „მატადორმა“ ისლამს გადაუსწრო და პირველ ადგილზე აღზევდა, შესაბამისად, მახაჩევი მეორე ადგილზე დაქვეითდა, მესამე საფეხურს კი მერაბ დვალიშვილი იკავებს.