შანსი არ მომცეს, მეტ ნდობას ვიმსახურებდი | აბუაშვილი პორტუში გატარებულ წლებზე
ფოთის „კოლხეთის’’ ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა CrystalSport-თან ინტერვიუში „პორტუში’’ გატარებულ წლებზე ისაუბრა. მისი აზრით, ფეხბურთელი ასეთ დიდ კლუბში მაშინ უნდა გადავიდეს, როცა პირველი გუნდისთვის მაქსიმალურად მზად იქნება.
გიორგი აბუაშვილი: „ვიტორ ბაიას მოეწონა ჩემი თამაში, ის იყო პირველი, ვინც ჯერ მე და შემდეგ ჩემს ოჯახს დაუკავშირდა, ტელეფონზე მომწერა, შემდეგ დამირეკა. პირველად მას მოვეწონე.
ყველაფერს აქვს როგორც პლუსი, ასევე მინუსი. „პორტუში’’ დიდი სათამაშო პრაქტიკა არ მქონია და ეს მინუსი იყო, მაგრამ იქ ბევრი რამე ვისწავლე. მაგალითად, დაცვაში თამაშის მნიშვნელობა კარგად გავიაზრე. ასევე, კვების მხრივ ბევრი რამ შევცვალე, გაზიანი სასმელები და ტკბილი ამოვიღე. ასევე, ვიცი რა დროს რა უნდა მივიღო, ვარჯიშის წინ თუ ვარჯიშის შემდეგ.
ჩემი აზრით „პორტუში’’ უფრო მეტ ნდობას ვიმსახურებდი, უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მიმეღო. მცირე უიღბლობაც იყო, თავიდან ტრავმა მქონდა, „პორტუში’’ ტრავმით ჩავედი, მაგრამ რეალურად შანსი არ მომცეს.
ადაპტაციის პროცესისას სირთულეები იყო. მაგალითად, ენის ბარიერი, თუმცა ვთვლი, რომ უფრო მეტი შანსი უნდა მოეცათ. უფრო მეტი ნდობა უნდა გამოეცხადებინათ, რომ ჩემი უნარები გამომევლინა.
ჩემი აზრით შეცდომა ის იყო, რომ ასეთ დიდ კლუბში წასვლა ძალიან პატარა ასაკში მომიწია, თუმცა „პორტუა’’ და ასეთ კლუბზე უარის თქმა ბევრისთვის რთული იქნებოდა.
პორტუგალიაში წასვლამდე პორტუგალიურის სწავლა არ დამიწყია. ეს ერთ-ერთი შეცდომა იყო, პატარა ვიყავი, გამოცდილება მაკლდა, მაგრამ იქ ბევრი რამ ვისწავლე.
ჩემი აზრით ასეთ დიდ კლუბში მაშინ უნდა წახვიდე, როცა ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხარ. ე.წ. „ტრამპლინი’’ უკეთესი ვარიანტი მგონია ვიდრე ადრეულ ასაკში დიდ კლუბში წასვლა. ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „პორტუა’’, უფრო დაღვინებული უნდა წახვიდე, რომ ყველაფრისთვის მზად იყო’’.
შეგახსენებთ, 18 წლის ასაკში გიორგი აბუაშვილი „პორტუმ'' თბილისის „დინამოდან'' შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის პორტუგალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა. რუმინულ „პეტროლულში'' გატარებული მცირე დროის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთში'' ფორმა აღიდგინა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და ბომბარდირთა დავაში ლიდერ იური ტაბატაძეს 1 გოლით ჩამორჩება.
გიორგი აბუაშვილის შესახებ გადაცემა „კონტრ-შეტევაში'' ვისაუბრეთ