აბუაშვილი: ჯუღელი გვერდით დამიდგა და ჩემს პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა
22 წლის მარცხენა გარემარბმა გიორგი აბუაშვილმა, რომელმაც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საფრანგეთთან გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, CrystalSport-თან ინტერვიუში „კოლხეთში’’ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა, რა ფაქტორები დაეხმარა სტაბილურად კარგად თამაშში და რა უნარები განავითარა კახა ჩხეტიანთან მუშაობისას. ასევე, მან გამოყო მამუკა ჯუღელის როლი.
გიორგი აბუაშვილი: „საქართველოში დაბრუნება ერთგვარი გამოწვევა იყო, მაინტერესებდა საქართველოს ჩემპიონატში ჩემს ძალას როგორ გამოვავლენდი. ვიცოდი რომ ადვილი სათამაშო არ იყო. ამაში დავრწმუნდი, როცა თამაში დავიწყე. აქ ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია და თამაშის ცოდნით გამოირჩევიან.
ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი, რომ ჩემი თავის მჯეროდა. მინდა მადლობა მამუკა ჯუღელს გადავუხადო, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ მე ფსიქოლოგიურად მყარად ვიდექი, მისი დიდი დამსახურებაა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველივე დღიდან, მამუკა ჩემს გვერდით იყო. მამუკა მაგრად დამეხმარა და ჩემს პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ოჯახის წევრები და ნებისმიერ მომენტში, რაც არ უნდა დამჭირდეს, ჩემს გვერდითაა.
ცხადია სტაბილურად კარგი თამაში დაუღალავი შრომის გარეშე წარმოუდგენელია.
მინდა „კოლხეთის’’ ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით კახა ჩხეტიანს. უბურთოდ მოძრაობა და ხაზებს შორის თამაში გავაუმჯობესე, ეს კახას დამსახურებაა. უბურთოდ მოძრაობის შედეგია გატანილი გოლები. ასევე, ფიზიკური მხარეც გავაუმჯობესე, რადგან თამაშები ხშირადაა და ცდილობ შენს საქმეს მაქსიმალურად პროფესიონალურად მიუდგე, რომ ყოველ მატჩს მომზადებული შეხვდე.
ჩემი აზრით მოთმინება ძალიან მაგარი თვისებაა. მოთმინებას და დაუღალავ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. შენს გადაწყვეტილებებში არ უნდა იჩქარო და ბოლომდე თავდაჯერებული უნდა იყო, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა, რომ შემდეგ შენი გადაწყვეტილება არ ინანო.
ახალ გუნდში გადასვლისას პრიორიტეტი სათამაშო დრო იქნება, რაც „პორტუში'' და „პეტროლულში'' მაკლდა''.
შეგახსენებთ, 18 წლის ასაკში გიორგი აბუაშვილი „პორტუმ'' თბილისის „დინამოდან'' შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის პორტუგალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა. რუმინულ „პეტროლულში'' გატარებული მცირე დროის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთში'' ფორმა აღიდგინა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და ბომბარდირთა დავაში ლიდერ იური ტაბატაძეს 1 გოლით ჩამორჩება.
გიორგი აბუაშვილის შესახებ გადაცემა „კონტრ-შეტევაში'' ვისაუბრეთ