უილიამსმა და ბარსელონამ 6-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს - რომანო
ჟოან გარსიას ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ „ბარსელონა“ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე გადაერთო. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის დელეგაცია დეკუს ხელმძღვანელობით იბიცაზე იმყოფებოდა, სადაც ამჟამად ბასკი ფეხბურთელი ისვენებს.
დღეს კი ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
რას წერს რომანო:
„ნიკო უილიამსი და „ბარსელონა“ 6-წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე იმოქმედებს. ნიკოს ხელფასი დაახლოებით 7-8 მილიონი ევრო იქნება. ამჟამად „ბარსელონა“ ფინანსურ საკითხებს აგვარებს, რათა შემდეგ „ბილბაოსთან“ მოლაპარაკებები დაასრულოს და ტრანსფერი გააოფიციალუროს“.
ცნობისთვის, გუშინ „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა ზაფხულის პირველი ტრანსფერი - ჰანსი ფლიკის გუნდს „ესპანიოლის“ მეკარე ჟოან გარსია შეუერთდა. „ბლაუგრანამ“ 24 წლის მეკარის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი - 25 მილიონი ევრო გადაიხადა.
გუშინვე „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურებულია, რაც 1:1 პრინციპის ფარგლებში ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.