ლობჟანიძის გოლი და გუგეშაშვილის კარგი მატჩი | საქართველოს ნაკრების ფრე კაბო ვერდესთან
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. ფარერის კუნძულების შემდეგ, ჩვენი გუნდი კაბო ვერდეს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მომენტები ორივე კართან შეიქმნა. ლუკა გუგეშაშვილმა ბრწყინვალედ იმოქმედა და „ჯვაროსნები“ გოლს ორჯერ გადაარჩინა. მეტოქის კარის აღება ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილის დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. 29-ე წუთზე, გუგეშაშვილმა რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ნიკა გაგნიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, საბა ლობჟანიძე გამოირჩა და მეტოქე გუნდის კარი თავური დარტყმით აიღო - 1:0.
მეორე ტაიმი სტუმრების უპირატესობით წარიმართა. კაბო ვერდეს მოთამაშეებმა აქტიურად დაიწყეს და გუგეშაშვილს საკუთარი გუნდის გადარჩენა კიდევ ერთხელ მოუწია. ლუკამ ურთულესი ბურთი მოიგერია და „ჯვაროსნებს" უპირატესობა შეუნარჩუნა.
კაბო ვერდეს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე, პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან სტუმართა მეოცე ნომერი, რაიან მენდეში მივიდა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში, გულიაშვილს მომენტი ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში, თურქეთს დაუპირისპირდება.