არასრული შემადგენლობით - 21-წლამდე ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაიწყო
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით გუნდი ავსტრიაში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. კონტინენტის პირველობის დაწყებამდე ქართველი ფეხბურთელები 4 ივნისს, რუმინელებთან საკონტროლო შეხვედრას გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.
„ბაზელში“, „სირიუსსა“ და „რიგასში“ მოთამაშე ლეგიონერები, გაბრიელ სიგუა, საბა მამაცაშვილი და ლაშა ოდიშარია საკლუბო მატჩების გამო ახალგაზრდულ ნაკრებს ხვალიდან შეუერთდებიან. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, კომენტარები „ფამალიკაოსა“ და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელებმა, ოთარ მამაგეიშვილმა და ლუკა ხარატიშვილმა გააკეთეს.
ცნობისათვის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრები იქნება და პლეი ოფში მხოლოდ ორი საუკეთესო გავა. ევროპის ჩემპიონატს 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს.