სირაძე: „კვარამ პსჟ სრულყოფილ გუნდად აქცია“
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რაც „ნაპოლიში“ აკლდა, „პარი სენ-ჟერმენში“ თავიდან ბოლომდე მიიღო. როგორც კლუბის ხელმძღვანელები, ასევე მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ბოლომდე ენდობიან და ისიც გაცემულ ავანსებს ასი პროცენტით ამართლებს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა დავით სირაძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და ფინალის წინ საკმაოდ საინტერესო შეფასებები გააკეთა.
დავით სირაძე
გასაგებია, რომ „ინტერმა“ „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, მაგრამ ჩემი აზრით პსჟ უფრო დამაჯერებელი იყო და იმ საოცარი თამაშის ხარჯზე, რომელსაც პლეი ოფში აჩვენებდა, ჩემპიონობა უფრო მეტად დაიმსახურა.
ფაქტია, რომ ხვიჩამ ლუის ენრიკეს იმედები ასი პროცენტით გაუმართლა და მისი დამატებით პარიზულმა გრანდმა უდიდესი სარგებელი მიიღო. კვარას სერიოზული პროგრესი აქვს, რომელიც „ნაპოლიდან“ წამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და უმოკლეს დროში „სენ-ჟერმენის“ შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.
მახსოვს, სეზონის დასაწყისში, როდესაც მას „ლიონში“ არ ენდობოდნენ, გიორგი მიქაუტაძეზე გამუდმებით ვამბობდი, რომ საბოლოოდ გასახსნელად მხოლოდ ერთი გოლი სჭირდებოდა და ასეც მოხდა. ახლა ის საუკეთესო ფორმაშია და უნდა დატოვოს თუ არა „ოლიმპიკი“, ამას თვითონ უკეთ გადაწყვეტს.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის ლიგა 2-ისთვის ნამდვილად არ მემეტება და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ გუნდში განაგრძობს კარიერას. ზურიკოს მომავალზე არ ვნერვიულობ, რადგან მამამისის სულიკო დავითაშვილის სახით გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც საუკეთესო რჩევა-დარიგებებს მისცემს.
დავით სირაძეს სხვადასხვა პერიოდში თბილისის „ლოკომოტივში“, „უნიონ ბერლინში“, ტრირის „აინტრახტში“, „აუეში“, „პადერბორნში“, „ნალჩიკში“, ბოლნისის „სიონსა“ და ჩიზინაუს „დაჩიაში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 გოლია.