მაისურაძემ ადაპტაცია ღირსეულად გაიარა | ყოფილმა მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
უკრაინული „პოლისიას’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იმად აშურმა, რომელიც 2024-25 წლების სეზონში გიორგი მაისურაძეს წვრთნიდა და კლუბი ბოლო ტურის წინ დატოვა, უკრაინულ Football.ua-სთან ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. აშურის თქმით, გიორგიმ ადაპტაცია ღირსეულად გაიარა და სეზონის მეორე ნახევარში მეტი სათამაშო დრო მიიღო.
იმად აშური: „ჩვენს მოთხოვნებთან ადაპტაცია ერთი რამ არის, ჩემპიონატთან ადაპტაცია სრულიად სხვა. ფეხბურთელს, რომელსაც ადაპტაცია უჭირს, ძალით ვერ ვათამაშებთ, რადგან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. თან ამას, გუნდის მთლიანობისა და რეპუტაციის თვალსაზრისით ვიგრძნობდით. ამაში კრიტიკულს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ გვაქვს მაისურაძის მაგალითი, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მან ადაპტაციის პერიოდი ღირსეულად გაიარა და სეზონის მეორე ნახევარში მეტი სათამაშო დრო მიიღო’’.
მაისურაძესთან დაკავშირებით ერთი ფაქტია საინტერესო, ამპლუით მარჯვენა მცველია, თუმცა ბოლო პერიოდში კლუბში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, მაისურაძემ 3 მატჩი მარცხენა ფლანგზე ჩაატარა.
უკრაინის ჩემპიონატში „პოლისია'' მე-4 ადგილზეა, ბოლო ტურში „კრივბასს'' მიიღებს (25 მაისი) და თუ მე-4 ადგილს შეინარჩუნებს, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი, რომელიც დიდი ალბათობით ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, უკრაინულ კლუბს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. სეზონის პირველ ნახევარში უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა (161 წუთი). სეზონის მეორე ნახევარში რეგულარულად თამაშობს, 2025 წელს ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, მიზეზი დისკვალიფიკაცია იყო („ოლექსანდრიასთან'' წითელი ბარათი მიიღო).
მაისურაძეს „პოლისიასთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, წინ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატია და ასეთ ტურნირზე კარგმა თამაშმა შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინოს.