წნეხში თამაშის და შეტევის დაწყების არ ეშინია | ინტერვიუ ლაცაბიძის მწვრთნელთან
„შახტარის’’ 21 წლის მცველმა ლუკა ლაცაბიძემ 2024-25 წლების სეზონი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში’’ გაატარა. კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს, უმაღლეს ლიგაში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს (ერთი ტური დარჩა), საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა და პირველად მოხვდა ეროვნული ნაკრების სიაში. სამწუხაროდ, ვილი სანიოლმა სომხეთთან არ ათამაშა, მაგრამ ლუკა საქართველოს ნაკრების მომავალია, მაღალ დონეზე თამაშის დიდი პოტენციალი აქვს, დაცვაში არსებული პრობლემების გადაჭრას მისი ჩართულობით ვხედავ. ეროვნული ნაკრების დაცვის ცენტრში არსებული პრობლემებისა და ლუკას პროგრესის შესახებ CrystalSport-ის ახალ პროექტში, „კონტრ-შეტევაში'' ვისაუბრეთ. შეგიძლიათ, ვიდეოს Youtube-ში მოუსმინოთ და თქვენი აზრები კომენტარებში დააფიქსიროთ.
„ჩერნომორეცის’’ სპორტული დირექტორი ოლექსანდრ ბაბიჩი CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ლუკამ სიხისტესა და საიმედოობაში მოუმატა. სეზონის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე ბაბიჩი მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ სპორტული დირექტორი გახდა, ლუკასთან კარგი კომუნიკაცია აქვს და საინტერესო დეტალებზე გვესაუბრა. ამ ვითარებაში ეროვნულ ნაკრებში ლუკას უფრო მეტად დაცვის ცენტრში ვხედავთ, თუმცა ბაბიჩი მას ცენტრალურ ნახევარმცველადაც ათამაშებდა შესაბამისი უნარების ჰქონის გამო (ტექნიკა, მოედნის ხედვა, კარგი პასი).
- საქართველოში ყველა აღვფრთოვანდით, როცა სეზონის დასაწყისში ლუკას შესანიშნავი პასი ვნახეთ, ეს ლვოვის „კარპატისთან’’ იყო. როგორ შეაფასებთ ლუკას ტექნიკასა და მოედნის ხედვას?
- წნეხის ქვეშ თამაშის არ ეშინია, ბურთთან მუშაობა იცის, სწორად მუშაობს ბურთთან და ნებისმიერ მომენტში გამამწვავებელი პასის გაკეთება შეუძლია. შეტევების გაგრძელებას ხედავს. მართალია ცენტრალური მცველია, მაგრამ ნახევარდაცვაშიც გამოვიყენეთ, რადგან შეტევების დაწყების არ ეშინია და შეტევის საწყის ფაზაში კარგად იხსნება.
ლუკა ლაცაბიძის ბრწყინვალე პასი „კარპატისთან''
- იანვარში ინტერვიუში თქვით, რომ იჯარით დამატებული ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდი პროგრესი ლუკას ჰქონდა. კონკრეტულად რომელი უნარები გააუმჯობესა მან ამ სეზონში?
- მიწოდებულ ინფორმაციაზე სწორად რეაგირებს, ინფორმაციას სწორად იღებს და ანალიზს სწორად უკეთებს. „ჩერნომორეცში’’ გადმოსვლისას „კულტურული’’ მცველი იყო, მაგრამ უფრო ხისტი და აგრესიული გახდა, ამ კუთხით მოუმატა. სწორ სიხისტეზეა საუბარი. თუ მხედველობაში ტოპ ჩემპიონატები გვაქვს, ლუკასთვის საჭიროა საიმედოობის მხრივ კიდევ მოუმატოს.
ბურთთან კარგად მუშაობს, მაგრამ ბურთთან უფრო საიმედო უნდა იყოს. შესაძლოა, იყოს მომენტი, როცა საკუთარ საჯარიმოსთან არასწორად, ოდნავ ავანტიურისტულად იმოქმედოს. ტოპ დონის ფეხბურთელმა საჯარიმოსთან ასე არ უნდა ითამაშოს, თუმცა ეს თვისება გამოცდილების შეძენასთან ერთად უმჯობესდება.
- რამდენად გამოხატავდა ლუკა სწავლისა და ახალი ინფორმაციის მიღების სურვილს? რამდენად ითვალისწინებდა თქვენს შენიშვნებსა და მითითებებს?
- ახალგაზრდებთან მუშაობა მიყვარს. მომწონს როცა ახალგაზრდები ჩემთან მუშაობენ. მთავარია უკუკავშირი იყოს და ახალგაზრდებს შეკითხვის დასმის არ შეეშინდეთ. ლუკასთან კარგი კომუნიკაცია მაქვს, ჩემპიონატის მიმდინარეობის დროსაც და ზამთრის შეკრებაზეც ვისაუბრეთ. ზუსტად ავუხსენი, რომ მინდა როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშოს. მინდა ყველაფერი სწორად აღიქვას და სწორად მიიღოს. რაც მთავარია ამ პოზიციებზე თამაშით მარტო ნომერს კი არ იღებს და მოედანზე გადის, არამედ ამ პოზიციებზე თამაში სიამოვნებს.
- იანვარში ინტერვიუში თქვით, რომ თავიდან ლუკა ვერ უძლებდა დატვირთვებს, მაგრამ მოგვიანებით მასთან იმუშავეთ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ხორვატიასთან 120 წუთი ითამაშა. კონკრეტულად რა სამუშაო ჩაატარეთ იმისთვის, რომ დატვირთვებს გამკლავებოდა? შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ ?
- ლუკა „შახტარიდან'' მოვიდა. იქ უფრო მეტად აქცენტს ბურთის კონტროლზე აკეთებენ და ბურთის გარეშე მოძრაობას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ვგულისხმობ, როცა გუნდი დაცვაშია და ამ დროს უბურთოდ მოძრაობენ. სწორედ ამიტომ, დაცვაზე ყურადღების გამახვილება დაგვიანებით მოგვიწია, უბურთოდ მოძრაობასა და ერთი-ერთზე თამაშზე. გასაგებია რომ ერთი-ერთზე განსხვავებული მოთხოვნები გვაქვს, თან მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით. ღრმა ანალიზია საჭირო ამ სქემაში სათამაშოდ. ლუკა ზაფხულის შეკრების შემდეგ შემოგვიერთდა. შესაძლოა, ეს სამუშაო „შახტართან’’ გაიარა, მაგრამ 100 პროცენტით მზად არ ყოფილა. ეს ნორმალური და გასაგებია, მაგრამ მიზანმიმართულად მივდიოდით და სათამაშო დრო მივეცით. შევთანხმდით იმაზე რომ მაქსიმუმს ითამაშებდა იქამდე, რომ არ „გადამწვარიყო''. იმდენს ითამაშებდა, რამდენსაც შეძლებდა.
- დაასახელოთ ერთი თვისება, რაზეც ლუკას ყველაზე მეტად სჭირდება მუშაობა, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.
- ასაკთან ერთად საიმედოობის მხრივ მოუმატა. მისი ძლიერი მხარე ბურთთან ერთად, ბურთით თამაშია. მიხვდა როდის შეიძლება პასით ამოხვიდე, როდის - დრიბლინგით და როდის ითამაშო მაქსიმალურად საიმედოდ, რათა მეტოქეს მცირე შანსიც არ მისცე. ხშირად ვხედავთ, როდესაც გუნდი წნეხის ქვეშაა გოლები არაფრისგან, ბავშვური შეცდომებით გადის. ეს გამოცდილების ამბავია და გამოცდილების შეძენასთან ერთად კიდევ უფრო საიმედო გახდება, ამ მხრივ პროგრესი ნამდვილად აქვს. ზოგადად მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დაცვიდან შეტევაში ამოსვლის კუთხით მაღალ დონეზე ითამაშოს.
გაბრიელ სიგუა და ლუკა ლაცაბიძე ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ
1,93 მ. სიმაღლის ცენტრალურმა მცველმა, რომელიც ხაშურშია დაბადებული და თბილისის „დინამოს’’ აღზრდილია, უკრაინის პრემიერ ლიგის 2024-25 წლების სეზონში 18 მატჩი ჩაატარა (11 სასტარტოში), 1 საგოლე პასი შეასრულა და მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო.
ივნისის შეკრებაზე ვილი სანიოლი ლუკას ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ვერ მიიწვევს, რადგან წინ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატია და ლუკა რამაზ სვანაძის განკარგულებაში იქნება.