„ვუმატებთ ყველაზე მნიშვნელოვან დროს“ - ენრიკემ სიხარული ვერ დამალა
შიდა ასპარეზზე ისტორიულად ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან „მარსელთან“ (5:0) მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი ლუის ენრიკე ბუნებრივია უზომოდ კმაყოფილი იყო. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ასეთ დროს გუნდის ოპტიმალურ ფორმაში შესვლა, მთავარი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი სიხარული და სიამოვნებაა. სწორედ ამაზე გაამახვილა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება ასტურიელმა სპეციალისტმა და მატჩი ასე შეაფასა:
„სიმართლე გითხრათ რთულ მატჩს ველოდი და პირველი ტაიმი ზუსტად ასეთი გამოდგა, თუმცა მოწინააღმდეგეს გავუმკლავდით, „ოლიმპიკი“ კი ჩვენს მიერ შეთავაზებული სცენარისთვის მზად არ აღმოჩნდა. ასეთი თამაში მუდამ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ეს იმ ბრწყინვალე ატმოსფეროს დამსახურებაა, რასაც გულშემატკივრები „პარკ დე პრენსზე“ ქმნიან. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ფეხბურთელების ასეთი სრულყოფილი და დახვეწილი ასპარეზობა ნამდვილი სიამოვნებაა.
საფრანგეთის წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებულია. არაჩვეულებრივი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ „ლანსის“ ჩამოწერა მაინც არ შეიძლება. გარდა ამისა, „ლიონიც“ იოლად არაფერს დათმობს. მომავალში როგორც ლიგა 1-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში უმნიშვნელოვანესი და ურთულესი დაპირისპირებები გველის.
რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის სულ სხვა კალიბრის ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ მოიგო „ოქროს ბურთი“ რომ მსგავსი რაღაცეების გაკეთება შეუძლია. მისი თამაშის სტილი უნიკალურია და მიხარია, რომ უსმანი ჩემი მომზადებული კლუბის ღირსებას იცავს“.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ 13 თებერვალს გამართავს - ლუის ენრიკეს შეგირდები ლიგა 1-ის მომდევნო ტურში სტუმრად „რენს“ შეხვდებიან და თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.