ჟინი და განწყობა არ გვქონდა, ეს მიუღებელი იყო | ლოჩოშვილმა თავისი გუნდი გააკრიტიკა
ბუნდესლიგა 2-ის 21-ე ტურში პადერბორნმა შინ ნიუნბერგი 2:1 დაამარცხა. 51-ე წუთიდან, როცა ანგარიში 2:0 იყო, ნიურნბერგი 10 ფეხბურთელით თამაშობდა. 75-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ანგარიში შეამცირა, მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე გოლია (ვრცლად).
ლუკა ლოჩოშვილის კომენტარს BILD-ი ავრცელებს.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. განსაკუთრებით პირველ ტაიმში არ გვქონდა სათანადო განწყობა და არც ჟინი. ეს მიუღებელია. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ორთაბრძოლებში უფრო აგრესიულები და მომთხოვნები უნდა ვიყოთ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს პატარა დეტალები წყვეტს ყველაფერს, ჩვენ კი პირველ ტაიმში ეს ვერ გავაკეთეთ. პადერბორნმა სწორედ ამით მოახერხა უპირატესობის მოპოვება. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს მიუღებელი იყო!
მაშინ გამოვაჩინეთ ხასიათი, როცა 10 კაცით დავრჩით. რომ გაგვმართლებოდა, ფრეც შეიძლებოდა გვეთამაშა, თუმცა მთლიანობაში ეს უბრალოდ იმედგაცრუება იყო.“
სტუმრად ჩატარებული მატჩების მიხედვით ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა (მხოლოდ შვიდი ქულით).
„გვქონდა უიღბლო მატჩები, მაგალითად შალკესთან ან დარმშტადტთან, სადაც უბრალოდ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. გასვლით თამაშებში წნეხი უფრო დიდია და ატმოსფეროსთან გამკლავება უნდა შეგეძლოს. ძალიან ცუდია, რომ ცხრილის ბოლოში ვართ (გასვლითი მატჩების მიხედვით). იმედი მაქვს, ამას მალე გამოვასწორებთ.“
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ახალწვეულ სტიოპა მკრტჩიანზეც ისაუბრა, რომელიც ოსიეკიდან დაიმატეს და პადერბორნთან დაცვის ცენტრში ლუკას შეუწყვილდა.
„სტიოპა ჯერ ჩვენს სისტემასა და ლიგას უნდა შეეგუოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იმედი მაქვს, რადგან კარგი თვისებები აქვს, ვარჯიშების მეშვეობით კვირიდან კვირამდე განვითარებას შეძლებს.“
18-გუნდიან ბუნდესლიგაში ნიურნბერგი 26 ქულით მე-10 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 13 ქულით ჩამორჩება, ფლეი-აუტის ზონას 4 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 13 თებერვალს კარლსრუეს მიიღებს.