ბურჯანაძის სეზონის მატჩი - 21 ქულა 26 წუთში
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის 32-ე ტურში არამარტო მიმდინარე სეზონში, არამედ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. „ლეიმა კორუნიამ“ ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსი წინა ტურში დაკარგა და ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობდა, თუმცა ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა და „მორაბანკ ანდორასთან“ 13-ქულიანი სხვაობით, 91:104 დამარცხდა.
ბურჯანაძემ პარკეტზე გატარებულ 26 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების 31 წლის კალათბურთელმა ორიდან ერთი სამქულიანი, ცხრიდან შვიდი ორქულიანი და ხუთიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. მოხსნების რაოდენობით ბექა ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ და შვიდიდან სამ შემთხვევაში ამის გაკეთება თავდასხმაში ასპარეზობისას შეძლო, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ლიგა ენდესას დარჩენილ ორ ტურში „ლეიმა“ სტუმრად „მურსიასთან“ (24 მაისი), ხოლო საკუთარ დარბაზში „ბასკონიასთან“ (30 მაისი) ითამაშებს.