ჰაიდენჰაიმმა ვერდერთან წააგო | ზივზივაძემ ერთი ტაიმი ითამაშა
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ჰაიდენჰაიმმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იცავს, „ვერდერს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
მე-14 წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რომანო შმიდმა გამოიყენა, 33-ე წუთზე კი იენს სტაგემ ბრემენელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში „ჰაიდენჰაიმს“ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, რომლებიც ბუდუს გუნდმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, 66-ე წუთზე „ვერდერმა“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და მარვინ დუკშმა სტუმართა მესამე გოლი გაიტანა. მე-80 წუთზე ლუკა კერბერმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა 86-ე წუთზე კეკე ტოპმა 3-ბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ფრანკ შმიდტმა ის თამაშში მეორე ტაიმიდან ჩართო. ქართველი ფორვარდი დასარტყმელ პოზიციაზე რამდენჯერმე გავიდა, თუმცა „ვერდერის“ მეკარეს ვერ აჯობა.
ბუდუმ Sofascore-ისგან 6,4-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 დარტყმა კარში, 2 დარტყმა კარისკენ, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 გაცუდებული საგოლე მომენტი, 11-დან 7 ზუსტი პასი (64%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 9-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ბუდუმ 9-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაჯარიმდა, მეტოქეს კი ასევე ერთხელ დაარღვევინა წესები.
ზივზივაძის გამორჩეული მომენტები
ამრიგად, „ჰაიდენჰაიმმა“ სეზონი 29 ქულით მე-16 ადგილზე დაასრულა და ბუნდესლიგაში დასარჩენად პლეიოფში თამაში მოუწევს. ბუდუს გუნდის მეტოქე ხვალ გაირკვევა, პლეიოფის საგზურისთვის კი მეორე ბუნდესლიგაში „ელვერსბერგი,“ „პადერბორნი“, „ფორტუნა“ და „კაიზერსლაუტერნი“ იბრძვიან.