„ახლა რომ მუშაობდეს, ციხეში მოხვდებოდა“ | ევრამ ფერგიზე ისაუბრა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ლეგენდარულ დამრიგებელზე, სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა. „ფერგი“ უმკაცრესი მწვრთნელობის სტილით ყოველთვის გამოირჩეოდა და ევრას თქმით, შოტლანდიელი ახლა რომ მუშაობდეს, ალბათ, ციხეში გაუშვებდნენ.
„ფერგიუსონი ახლა რომ მუშაობდეს, ალბათ, ციხეში მოხვდებოდა. გამორიცხულია, იმის გამო, რასაც ფერგი აკეთებდა, ციხეში არ გაეგზავნათ. იცით, რამდენი ატირებული ფეხბურთელი მინახავს ფერგიუსონის სიტყვებისა და ქმედებების შემდეგ?!
მახსოვს, ერთ ამხანაგურ შეხვედრაში, რუნიმ პენალტი უელბექს დაუთმო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ის მატჩი წავაგეთ. შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ვიყავით და ფერგიუსონი ყვიროდა: „უელბექ!“. მე და დანი საპირფარეშოში ვიყავით, მაგრამ ფერგი აგრძელებდა: „თავი ვინ გგონია? ძირითად გუნდში გადმოდიხარ და პენალტის დარტყმას ბედავ?“. ფერგიუსონს ვუთხარი, სერ მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო-მეთქი, მაგრამ მან თქვა, ამხანაგური მატჩი ჯანდაბაში წასულაო“.
შეგახსენებთ, რომ ევრა „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2006-დან 2014 წლამდე იცავდა. „მანჩესტერთან“ ერთად, მან პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას საკლუბო თასი, ინგლისის ლიგის თასი და ასოციაციის თასი მოიგო.