„არანაირი პრობლემა არ იქნება“ - დეკუ იამალის ახალ კონტრაქტზე
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა და თქვა, რა გეგმები აქვს კატალონიურ კლუბს გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
„იამალის ახალი კონტრაქტი? ფეხბურთელები ბედნიერები უნდა იყვნენ იქ, სადაც არიან. მათთვის უკეთესი ადგილი უბრალოდ არ არსებობს. იამალი აქ გაიზარდა, აქაურია. ამ თაობას შეუძლია, ისტორია დაწეროს. მის ადგილას რომ ვიყო, აქედან არ წავიდოდი. ლამინთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება.
არა მგონია, რომ ამ გუნდიდან ვინმეს წასვლა მოუნდეს. უკვე განვაახლეთ კონტრაქტების უმეტესობა, ახლა კი უნდა გავუფრთხილდეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გვყავს. შარშან ვთქვი, რომ „ბარსელონას“ რომელიმე ფეხბურთელის დაკარგვა არ შეუძლია. ახლაც იგივეს გავიმეორებ. შემადგენლობის გაძლიერება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ბირთვი უნდა შენარჩუნდეს.
მოულოდნელად გუნდი გახდა ძალიან დამოკიდებული რაფინიაზე, იამალზე, შესაძლოა ასეთივე პროფილის ფეხბურთელები დაგვჭირდეს. დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს და აკადემიიდანაც კარგი ახალი თაობა მოდის“.
ცნობისთვის, იამალს კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლამდე აკავშირებს. რამდენიმე თვეში იამალი 18 წლის გახდება, რის შემდეგაც, არსებული ინფორმაციით, „ბლაუგრანასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ყველა დეტალიც უკვე შეთანხმებულია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე 16 და 20 საგოლე გადაცემაა.