„პსჟ ფინალში დამსახურებულად გავიდა“ - ძანეტი მომავალ მეტოქეზე
„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩს გამოეხმაურა და ფინალისტების შანსებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ფინალში ფავორიტი არც ერთი გუნდი არ იქნება, მაგრამ ლეგენდარული არგენტინელი იმედოვნებს, რომ „ნერაძური“ იმ დონეზე ითამაშებს, რომელიც „ბარსასთან“ მატჩებში აჩვენა.
ხავიერ ძანეტი:
„შანსები 50/50-ზე იქნება. პსჟ დამსახურებულად გავიდა ფინალში. იმედია, ფინალში იმ დონეზე ვითამაშებთ, რაც „ბარსელონასთან“ ნახევარფინალებში ვაჩვენეთ.
ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერი სიმონე ინძაგია. 4 წელიწადია, ჩვენთან მუშაობს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ ვითამაშებთ. ლაუტარო მარტინესი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე არგენტინის ნაკრებისთვის. ვფიქრობ, მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ის ბედნიერია, გუნდში თავს დაფასებულად გრძნობს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“.
ცნობისთვის, „ინტერმა“ ნახევარფინალში „ბარსელონას“, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „არსენალს“ სძლია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.