სპორტინგი ქოჩორაშვილზე 2024 წლის ზაფხულშიც ფიქრობდა | რატომ არ შედგა ტრანსფერი
31 მარტს, „სპორტინგმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი შეიძინა. „ლევანტეს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფელიპე მინამბრესმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ „ლომებს“ ქოჩორაშვილის გაფორმება 2024 წელსაც სურდათ.
„ანდრეს გარსიას ასტონ ვილაში გადასვლამდე (იანვარში გადავიდა), მისით სპორტინგი იყო დაინტერესებული. ჰუგო ვიანამ დამირეკა და მას ქოჩორაშვილზეც გავესაუბრე. ვიანამ მითხრა: „ფელიპე, მისი გაფორმება შარშანაც გვინდოდა, მაგრამ ვერ გავუშვით ფეხბურთელები, რომელთა გაყიდვის შემდეგაც, მას შევიძენდით“. წლეულს, სპორტინგმა ეს გააკეთა, ოღონდ ჩემ გარეშე“.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებს გააფორმებს და მის კონტრაქტში, გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო ჩაიწერება. „სპორტინგმა“ „ლევანტეს“ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა და ბონუსებით, შესაძლოა, თანხა კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს.
მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, ქოჩორაშვილი და „ლევანტე“ ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვიან. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 67 ქულა აქვს და ლა ლიგა 2-ის მეორე პოზიციას იკავებს. „ლევანტე“ რასინგს“ 1 ქულით, „ოვიედოსა“ და „მირანდესს“ კი 2 ქულით უსწრებს.