ლეგენდარული ინჩასი გარდაიცვალა - ესპანეთი მანოლოს გლოვობს
ყველაზე ცნობილი ესპანელი საფეხბურთო გულშემატკივარი მანოლო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სრული სახელი და გვარი მანოლო კასერეს არტესერო იყო, თუმცა მსოფლიოში უფრო მეტად მანოლო ელ დელ ბომბოთი იცნობდნენ. ის რამდენიმე დღის წინ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანოლო თავის ბარაბანთან ერთად ესპანეთის ნაკრებს 40 წლის განმავლობაში ლამის ყველა მატჩზე დაჰყვებოდა და სტადიონიდან 10 მსოფლიოს ჩემპიონატზე გულშემატკივრობდა. სიცოცხლის ბოლო წლები მან მშობლიურ მონკოფარ კასტელონში გაატარა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, მარტში „მესტალიაზე“ გამართულ ესპანეთი-ნიდერლანდების ერთა ლიგის მატჩს მაინც დაესწრო და მშობლიური გუნდის პენალტების სერიაში გამარჯვება ტრიბუნაზე იზეიმა.
ცნობისათვის, მანოლო 2012 წელს თბილისშიც იყო ჩამოსული და საქართველო - ესპანეთის შეხვედრას „დინამო არენაზე“ დაესწრო, რომელიც „ფურია როხამ“ რობერტო სოლდადოს ერთადერთი გოლით მოიგო.