მორიგი სკანდალი ესპანურ ფეხბურთში | რუბიალესი ტებასს უჩივის
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს უზენაეს სპორტულ სასამართლოში (CSD) უჩივლა. რუბიალესი ტებასს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
გამოცემა EL ESPAÑOL-მა მოიპოვა წვდომა სარჩელზე, რომელშიც რუბიალესი მოითხოვს, ადმინისტრაციულმა სპორტულმა სასამართლომ (TAD) აღძრას დისციპლინური წარმოება და დროებით გადააყენოს ტებასი თანამდებობიდან საქმისწარმოების დასრულებამდე.
საჩივარში საუბარია 2022 წლის მაისში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ხავიერ ტებასი, ჟერარდო გონსალეს ოტერო და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მაშინდელი მოადგილე მიგელ გარსია კაბა მონაწილეობდნენ.
რუბიალესის მტკიცებით, ტებასმა გარსია კაბას წინასწარი კონტრაქტი და წლიურად 150 000 ევრო შესთავაზა, რათა მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაეტოვებინა და ესპანეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში (LNFP) დაეწყო მუშაობა.
ამის სანაცვლოდ ტებასი ითხოვდა, მიეღო წვდომა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სერვერებზე და უკანონოდ მოეპოვებინა კონფიდენციალური ინფორმაცია ფედერაციისა და მადრიდის „რეალის“ შესახებ.
რუბიალესი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები ესპანურ და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ქრთამის მიცემის მცდელობად უნდა კვალიფიცირდეს.