ხვიჩა კვარაცხელია, მარკ კლატენბურგი, იურიენ ტიმბერი
Aa
Aa

იყო თუ არა პენალტი - როგორ აფასებენ ეპიზოდს ცნობილი მსაჯები

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს აქტიური მატჩი ჰქონდა და პარიზული გუნდის გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მე-4 წუთზე, ხვიჩამ დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა და საბოლოოდ, პსჟ-მა ამ გოლის წყალობით მოიგო.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში კვარაცხელიამ „არსენალის“ საჯარიმოში ორი მეტოქე ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა, თუმცა, ტიმბერმა ქართველი აშკარად არასპორტული ქმედებით შეაჩერა, რის გამოც ხვიჩა გაზონზე დაეცა. მთავარმა მსაჯმა ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და ეპიზოდი არც VAR-ზე გადაამოწმა. არბიტრის რეაქციას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში. გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა.

ეპიზოდზე თავისი მოსაზრება დააფიქსირეს ცნობილმა მსაჯებმაც, რომლებმაც პროფესიონალური კარიერა უკვე დაასრულეს. მათ შორის არიან ინგლისელი რეფერი, მარკ კლატენბურგი და ასევე ინგლისელი კიტ ჰაკეტი.

მარკ კლატენბურგი:

„არ ვფიქრობ, რომ ეს პენალტი იყო. მსაჯი ისეთ პოზიციაზე იდგა, რომ კარგად ხედავდა დაცემის წერტილს და ასევე იმას, თუ რამდენად ბუნებრივი იყო დაცემა. შემტევმა დაცემის მომენტში ხელი ჰაერში აიქნია და როგორც წესი, ასეთი ქმედებები უმეტესად სიმულაციისკენ მიუთითებს, ის ცდილობს მსაჯს მოაჩვენოს, რომ ეს თითქოს თამაშის წესის დარღვევა იყო. კიდევ ერთი რამ, რაც ამ კონტაქტის შემდეგ არ მომეწონა, მისი რეაქცია იყო. ის მსაჯს გაეკიდა და ამის გამო ვფიქრობ, ყვითელი ბარათის მიღებაც დაიმსახურა“.

კიტ ჰაკეტი:

„ვფიქრობ, არსენალის მცველი (გულისხმობს ტიმბერს) ბედნიერი უნდა იყოს, რომ VAR-მა ამ ეპიზოდს არ გადახედა. ამის ნახვის შემდეგ კითხვა გამიჩნდა, რატომ არ შეამოწმა VAR-მა ეპიზოდი. მათ მსაჯისთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ ეს ეპიზოდი თავად შეეფასებინა და გადაეწყვიტა. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა იქნებოდა, იყო თუ არა საკმარისი ეს დაჭერა პენალტის დასანიშნად, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ეპიზოდში „არსენალს“ ძალიან გაუმართლა“.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტიმბერს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
„ტიმბერს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე