გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონი ოთხეულს მიუახლოვდა - მიქაუტაძე გატანასთან ახლოს იყო

„ლიონს“ თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაბმა სურდა, სტუმრად მესამე პოზიციაზე მყოფი „ნიცა“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, რადგან ასეთ შემთხვევაში ლაჟვარდოვანი სანაპიროს წარმომადგენლებთან სხვაობას ოთხ ქულამდე შეამცირებდა. საბოლოოდ „ოლიმპიკმა“ დაძაბულ ბრძოლაში მიზანს მიაღწია, 2:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მეოთხე პოზიციაზე მყოფ „მონაკოს“ ორ ქულამდე მიუახლოვდა.

გიორგი მიქაუტაძე დისკვალიფიცირებულმა მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში 77-ე წუთზე ჩართო. მართალია ქართველ ფორვარდს თავი არც გოლითა და არც საგოლე პასით არ გამოუჩენია, მაგრამ ლიონელებმა ორივე ბურთი მისი გამოსვლის შემდეგ გაიტანეს. ტიაგო ალმადას გადაცემით ჯერ ცვლილებაზე ერთი წუთის შესულმა რაიან შერკიმ ისარგებლა, ხოლო შემდეგ ერნესტ ნუამამ ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

24 წლის ქართველი ფორვარდი შეხვედრაში ენერგიულად ჩაერთო და ერთ ეპიზოდში თავის გამოჩენაც შეეძლო, თუმცა მისი საკმაოდ ძლიერი დარტყმა მასპინძლების პოლონელმა მეკარემ მარცინ ბულკამ ფეხით მოიგერია.

25 ტურში დაგროვებული 42 ქულით „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ხუთშაბათს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე „ოლიმპიკი“ ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „სტიაუას“ უმასპინძლებს. კვირას, 16 მარტს კი უკვე საფრანგეთის ჩემპიონატში, ასევე საკუთარ სტადიონზე „ლიონელები“ „ლე ავრს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო
ქოჩორაშვილის მე-6 გოლი სეზონში - ლევანტემ სახლში კარტახენას მოუგო