ზედიზედ მეექვსე მარცხი ევროლიგაში - შენგელიას 17 ქულა
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ვირტუსისთვის“ წლევანდელი ევროსეზონი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია. ბოლონიელებმა ევროლიგის რეგულარული გათამაშების XXVIII ტურში სტუმრად „ანადოლუ ეფესთან“ 21-ქულიანი სხვაობით, 68:89 წააგეს და გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუეს. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ის თანაგუნდელებს შორის ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო, თუმცა მხოლოდ მისმა კარგმა თამაშმა საერთო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.
თოკომ პარკეტზე გატარებული 23 წუთის მანძილზე 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან ორიდან ერთი სამქულიანი, ცხრიდან ექვსი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ხუთიდან სამ შემთხვევაში მოხსნა დაცვაში, ორჯერ კი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ამ მარცხის შემდეგ „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში 7 მოგებითა და 21 წაგებით მეჩვიდმეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელია და მისი თანაგუნდელები ორშაბათს, 10 მარტს, საკუთარ დარბაზში სერია A-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „ტრენტოსთან“ გამართავენ. ევროლიგის შემდეგ ტურში კი 13 მარტს, ასევე ბოლონიაში მადრიდის „რეალს“ მიიღებენ.