თეთრაძე: ხვიჩა, რომ ამ დონეზე თამაშობს, რუსეთის ჩემპიონატის დამსახურებაა
მოსკოვის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ, რომელიც საქართველოში ბოლოს „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი იყო, Match TV-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის განვითარებაში რუსეთის პრემიერ ლიგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
- თქვენი აზრით, გაუმჯობესდა თუ არა ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში?
„დიახ, მე ასე მგონია. ბოლო წლებში ახალგაზრდები ვითარდებიან. ნახეთ, რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ამჟამად ევროპაში. საქართველოს ნაკრებს თუ გადავხედავთ, მისი ფეხბურთელების 95% ევროპის ჩემპიონატებში თამაშობს. რომ შევადაროთ, იქ იმდენი რუსი არ თამაშობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა.
დიახ, ახალგაზრდები ყოველთვის კარგები იყვნენ, მაგრამ ერთსა და იმავე გუნდს ოდნავ განსხვავებული შედეგები ჰქონდა, თუმცა შემადგენლობა სახელებით უფრო ძლიერი იყო. დიდი ალბათობით, ეს ფეხბურთისადმი დამოკიდებულებით არის განპირობებული. საქართველოში მძიმე დრო დასრულდა - ეს ყველას ეხება, მათ შორის ფეხბურთსაც“.
- მაგრამ მაინც არ შეგიცვლიათ პოზიცია, რომ საწყის ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა რუსეთში უნდა მოსინჯონ ძალები...
„ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთის ჩემპიონატი ხომ ძალიან რთული სათამაშოა. საქართველოც კარგად არის მომზადებული, მაგრამ აქ უფრო მაღალ დონეზეა. ეს კარგი სკოლაა. ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი - კვარაცხელია. რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშმა მას მხოლოდ სარგებელი მოუტანა. მოგვიანებით ხვიჩასთვის ევროპაში ადაპტაცია ბევრად უფრო ადვილი იყო. კვარაცხელიას ამ დონეზე თამაშში რუსეთის ჩემპიონატს დიდი წვლილი მიუძღვის“.
- განაცხადა თეთრაძემ.