ანტონიო კონტე, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

ფრე უდინეზესთან - ნაპოლიმ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანტონიო კონტეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა, გამარჯვება ვერ მოახერხა.

ანგარიში 37-ე წუთზე „პარტენოპეიმ“ სკოტ მაკტომინეის გოლით გახსნა, მე-40 წუთზე კი ეკელენკამპმა წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. ანტონიო კონტეს გუნდმა გასულ ტურში „რომასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა, თუმცა ნეაპოლელებს ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგიათ. „ნაპოლი“ ბოლოს 8 დეკემბერს, „ლაციოს“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ მომდევნო ტურში კონტეს გუნდი სწორედ რომაულ კლუბს დაუპირისპირდება.

24 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ „ინტერს“ კი 4 ქულით უსწრებს. „ნერაძური“ 24-ე ტურში თავის შეხვედრას ხვალ, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები