„ლივერპულს პანიკის საფუძველი აქვს“ | Express-ი მამარდას თამაშს გამოეხმაურა
ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონას“ შეხვდა და 1:7 განადგურდა. ქართველი მეკარის მიერ გაშვებულ 7 გოლს ბრიტანულ პრესაშიც გამოეხმაურნენ და Express-მა განაცხადა, რომ „ლივერპულს“, რომელსაც გიორგი ნაყიდი ჰყავს, პანიკის საფუძველი აქვს.
„ლივერპულის სკაუტები კვირას გამართულ შეხვედრას რომ დასწრებოდნენ, რომელშიც ბარსელონამ ვალენსია 7:1 გაანადგურა, შეიძლებოდა, ზოგიერთი პანიკაში ჩავარდნილიყო. მერსისაიდელებს მამარდაშვილის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვთ, მაგრამ 24 წლის მეკარეს რთული პერიოდი უდგას და გასულ უქმეებზე, 7 ბურთი მიიღო.
ვალენსიას კაპიტულაცია მხოლოდ მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ქართველ გოლკიპერს ამ მატჩის მიმოხილვის ნახვა არასდროს მოუნდება. მიმდინარე სეზონში, მისი სტატისტიკა ლივერპულისთვის კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. მამარდაშვილს ლა ლიგაში სეივების ყველაზე ცუდი პროცენტი აქვს (58.8) და 17 შეხვედრაში 30 გოლი გაუშვა.
თუმცა, მწარე სიმართლე ისაა, რომ მამარდაშვილი რომ არა, ბარსელონა 10 გოლზე თავისუფლად ავიდოდა. ვალენსია გავარდნის საფრთხის წინაშე დგას და 21 ტურის შემდეგ, მე-19 პოზიცია უკავია. მამარდაშვილისთვის შვებისმომგვრელი ის ფაქტია, რომ მესტალიაზე დიდხანს გაჩერება არ მოუწევს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, მამარდაშვილს „ბარსელონასთან“ მატჩში 5 სეივი ჰქონდა და საკლუბო დონეზე, 7 ბურთი პირველად გაუშვა. მამარდაშვილს ამდენივე გოლი 2023 წლის 8 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებმა გაუტანა.