იბერიას რთული გამარჯვება სამტრედიაში - 6-გოლიანი თრილერი წყალტუბოში
Crystalbet ეროვნული ლიგის XXX ტურში გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „იბერიამ“ ურთულესთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. თბილისელები სტუმრად ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ „სამტრედიას“ ხვდებოდნენ, რომელიც მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ კაკაშვილის დანიშვნის შემდეგ, კარგად ათამაშდა და ამ შეხვედრას 4-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, თუმცა უდიდესი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საბოლოოდ 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ცვლილებაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ 18 წლის გიორგი ტაბატაძის კარგი პასით მიითვალა, რომელიც თამაშში ასევე ცვლილებაზე ჩაერთო.
სამტრედიისგან განსხვავებით, უხვგოლიანი მატჩი შედგა წყალტუბოში, სადაც ადგილობრივი „სამგურალი“ „დინამო ბათუმს“ ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა უპირატესობა ხელიდან გაუშვა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ლევან კუტალიას დუბლით მოიგეს, რომელმაც თავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამოიჩინა. 35 წლის ფორვარდმა ჯერ თედო კიკაბიძის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით აიღო ბათუმელთა კარი, ხოლო შემდეგ ლუკა ხორხელის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი აქცია გოლად.
შესვენების შემდეგ სტუმართა რიგებში მოედანზე რევაზ ინჯგია გამოჩნდა და ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯერ თავად გაიტანა, ხოლო შემდეგ გუნდის კაპიტანს, მამუკა კობახიძეს გაუწია ასისტენტობა. თუმცა, ამ გოლებს შორის იყო ბათუმელების შეცდომა დაცვაში და ლუკა ქაფიანიძის ავტოგოლი. თითქოს „სამგურალს“ მატჩი გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებს ჯერ ილია ახვლედიანი გაუძევეს, შემდეგ კი ბლესამ მილჩენკოს პასით წონასწორობა აღადგინა.