რატომ არ ხვდა წილად მესის რონალდინიოს მსგავსი აპლოდისმენტები
Aa
Aa

რატომ არ ხვდა წილად მესის რონალდინიოს მსგავსი აპლოდისმენტები "სანტიაგო ბერნაბეუზე"?

ისტორიაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მადრიდის "რეალის" ქომაგებმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს ტაში დაუკრეს, მაგრამ ეს მესისთან მიმართებაში არასდროს მომხდარა.

რამდენიმე კვირის წინ, 12 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც "რეალის" გულშემატკივრებმა "ბარსას" ფეხბურთელი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

2005 წელს რონალდინიომ თავისი საოცარი თამაშით მადრიდული ინჩადა აღტაცებაში მოიყვანა. ეს იყო გაუჩოს მე-3 მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე", რომელთაგანაც 2 შემთხვევაში გამარჯვება მას დარჩა.

80-ან წლებში მადრიდელმა ქომაგებმა აპლოდისმენტებით დიეგო მარადონაც დააჯილდოვეს. ეს პატივი წილად ანდრეს ინიესტასაც ხვდა, როცა "ბარსამ" 2014 წელს "რეალს" 4-0 მოუგო, ინიესტა ლუის ენრიკემ მატჩის მიწურულს შეცვალა და პუბლიკამ ტაში მასაც დაუკრა.

ლეო მესისთვის მადრიდულ პუბლიკას ასეთი პატივი არასდროს უცია, რაც არგენტინელის შედეგების ფონზე გასაკვირია.

ლეომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 12 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

მესის მადრიდული გამარჯვებებიდან 3 მათგანის გამორჩევა შეიძლება. 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფიბალი, სადაც მან დუბლი გაიფორმა. ყველას ახსოვს ის საოცარი გოლი, როცა არგენტინელმა ფეხბურთელმა ნახევარი "რეალი" მოატყუა და მარჯვენა ფეხით კასილასს შანსი არ დაუტოვა. 

შემდეგ იყო 2014 წელი. ხერარდო მარტინოს "ბარსა". მესიმ მადრიდში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კატალონიელებმა 4-3 მოიგეს.

გასული სეზონის "ელ კლასიკო" მადრიდში, როცა მესის ბოლო წამზე გატანილმა გოლმა "ბლაუგრანას" 3 ქულა მოუტანა.

მესისთან ერთად "ბარსამ" ძალიან ბევრს მიაღწია. არა მხოლოდ ტიტულების მხრივ, არამედ "ელ კლასიკოშიც". ყველას კარგად ახსოვს, რომ 2004 წლამდე მადრიდში კატალონიელებს 7 წლიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, რომელიც რონალდინიომ დაასრულა. გაუჩოს "ბარსელონამ" ის მატჩი 2-1 მოიგო. ბრაზილიელმა კი ჩავის საოცარი საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ბოლო წლებში კი მესიმ "ბერნაბეუზე" მოგება "ბარსელონასთივს" ჩვეულებრივ ამბად აქცია.

რატომ არ სცემენ ისეთ პატივს "რეალის" ქომაგები მესის, როგორიც რონალდინიოს შემთხვევაში იყო? შესაძლოა იმიტომ, რომ გაუჩოსგან განსვხავებით ლეომ "ბარსა" გაცილებით სტაბილური გახადა და მადრიდელებსაც საკმაოდ ხშირად ამწარებს.

შესაძლოა იმიტომაც, რომ 2011 წელს "ელ კლასიკოს" დროს ნერვებმოშლილზე ბურთი ფანებისკენ ძლიერად დაარტყა, რასაც მოედანზე ჩხუბი მოჰყვა.

თუმცა, ალბათ მაინც უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ მესისა და რონალდუს გამუდმებით ადარებენ ერთმანეთს. მათი პაექრობა უკვე 10 წელია გრძელდება. ისინი იგებენ უამრავ ტიტულს და გააქვთ არარეალურად ბევრი გოლი. ეს ჯერ კიდევ გრძელდება...

ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მესის ოვაციები არც დღეს ელოდება. "რეალს" გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება და მადრიდული პუბლიკაც მე-12 მოთამაშის როლის შესასრულებლად მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები