„ყველგან, სადაც გაიხედავდი, გვამები იყო“ | ილია თოფურია აგვისტოს ომზე
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ერთ-ერთ ესპანურ ტელეგადაცემაში მივიდა, სადაც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ბავშვობის წლებზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.
„8 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ესპანეთში წავიდნენ ჩვენთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. რთული იყო იმის გაგება, რატომ გვიწევდა განშორება მშობლებთან, თუმცა ახლა მადლობელი ვარ მათი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ.
ასეთი ურთულესი გამოცდილება გაიძულებს, ნაადრევად გაიზარდო. ყველგან, სადაც გაიხედავდი, გვამები იყო. არ იყო საკვები, წყალი. გვეძინა სარდაფში, ვერ ვრთავდით შუქს, რათა მათ ბომბი არ ჩამოეგდოთ. ეს არის ნამდვილი შიში, სწორედ ამიტომ არ მეშინია ოქტაგონში შესვლის. რა უნდა მომივიდეს ოქტაგონში? თუ რაღაც ისე არ წავა, არსებობს პროფესიონალი მსაჯი, რომელიც ბრძოლას გააჩერებს“.
UFC 308-ზე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება. თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.