ვინისიუსმა პრიზი ჩაიბარა - ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესოა
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუს ჟუნიორი აღიარეს. 24 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა მადრიდის „რეალის“ მორიგ ტრიუმფში ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი წვლილი შეიტანა და 10 შეხვედრაში თავი 6 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
გარდა ამისა, „დორტმუნდთან“ გადამწყვეტ შეხვედრაში ბურთის გატანის მერე ლიონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ორ ფინალში შეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება.
ყველა ტურნირს თუ მივიღებთ მხედველობაში, ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზე წინა სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი და 11 საგოლე პასია. სამეფო კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლამდე აკავშირებს, რომლის მიხედვითაც მისი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე გეტყვით, რომ ვინისიუსი და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას ხვალ „შტუტგართან“ საშინაო მატჩით დაიწყებენ.