ანჩელოტი: მბაპემ ორი კვირის წინ გაიტანა, ჯერ საქმე სანერვიულოდ არ გვაქვს
„ლას პალმასთან“ მატჩის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „სამეფო კლუბის“ ფრანგ ფორვარდს, კილიან მბაპეს ეხებოდა, რომლისგანაც მადრიდელი გულშემატკივრები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაბარგების შემდეგ უფრო სანახაობრივ და შედეგიან თამაშს ელოდნენ.
ანჩელოტი მბაპეზე:
„6 გოლი გვაქვს გატანილი, გუნდი კი ჯერ საუკეთესო კონდიციებში არაა - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გპირდებით, რომ გოლების გატანის მხრივ პრობლემა არ შეგვექმნება.
მბაპე ადაპტაციის პროცესს გადის და ამ მიმართულებით პროგრესი აქვს. ის მოკრძალებულად მუშაობს და მისით კმაყოფილი ვარ.
როგორ გრძნობს ის თავს გოლების გარეშე? კილიანმა ბოლო გოლი 14 აგვისტოს გაიტანა. ეს სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო. ასე რომ, ჯერ საქმე სანერვიულოდ არ გვაქვს - არც მე და არც მას“.
კილიან მბაპე „რეალში“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ლა ლიგაში გამართული ორი ტურის შემდეგ მადრიდული კლუბი 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება. 29 აგვისტოს „რეალი“ კანარის კუნძულებზე „ლას პალმასს“ ესტუმრება.