6-წლიანი პაუზის შემდეგ - 16-წლამდე კალათბურთელები A დივიზიონში
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხვალიდან ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ჩაერთვება, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც ქართველების მეტოქე საფრანგეთის, სლოვენიისა და პოლონეთის გუნდები იქნება. სხვა ასაკობრივ ტურნირებთან შედარებით, ფორმატი აქ განსხვავებულია. ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ მერვედფინალში ყველა გუნდი გადის და უმაღლეს დივიზიონში ადგილს მხოლოდ ის ინარჩუნებს, ვინც მერვედფინალურ ეტაპს დაძლევს და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდება.
ელიტის საგზური ჩვენი ქვეყნის 16-წლამდე კალათბურთელებმა შარშან ზაფხულში რუმინეთში გამართულ B დივიზიონში ბრინჯაოს მედლების მოპოვების შედეგად მოიპოვეს. ისევე როგორც შარშან, წელსაც ამ გუნდს ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის დუეტი ამზადებს, რომელთაც სამწვრთნელო შტაბში ნიკა ბურჯანაძე დაემატათ. პრესტიჟული ტურნირისთვის მზადების პირველი ეტაპი ქართველმა კალათბურთელებმა სამშობლოში გაიარეს, შემდეგ კი ლატვიაში გადაინაცვლეს და რამდენიმე საკონტროლო თამაში ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრები უმაღლეს, A დივიზიონში 6-წლიანი პაუზის შემდეგ მოხვდა - ანალოგიურ წარმატებას 16-წლამდელებმა 2017 წელს ბუბა ბერიშვილის ხელმძღვანელობით მიაღწიეს.
9 აგვისტო
საქართველო - საფრანგეთი
10 აგვისტო
საქართველო - სლოვენია
11 აგვისტო
საქართველო - პოლონეთი