ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„იშვიათი პროფილის მოთამაშეა. დასანანია, რომ მიდის“ - ბორდოში ზურიკოზე ისაუბრეს

საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი უახლოეს საათებში ფრანგული სენტ-ეტიენის ფეხბურთელი გახდება და ახალი სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებს.

ლიგა 1-ში ახლადდაწინაურებული „სენტ-ეტიენი“ „ბორდოს“ ტრანსფერის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

ზურიკოს გუნდიდან წასვლას ეხმაურებიან ჟირონდელი გულშემატკივრები. კლუბის ერთ-ერთი ცნობილი ქომაგი და RMC Sport-ის ჟურნალისტი, დევიდ გლუზმანი ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს ქართველი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს.

რას ამბობს გლუზმანი ზურიკოზე:

„ჩვენს კლუბში მისი პირველი ნაბიჯები კარგად მახსოვს. მან პირველივე მატჩში გაიტანა და „დიჟონთან“ მოგვაგებინა. ვისაც არ უნახავს, ყველას ვურჩევ, რომ ეს გოლი ნახოს, რადგან საკმაოდ ლამაზი იყო, ტიპური ზურიკოს გოლია. ის „ბორდოში“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოვიდა და ძალიან კარგად მახსოვს როგორც დაიწყო, სტარტი წარმატებული ჰქონდა. იმ პერიოდში, „ბორდოდან“ ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელმა აღმაფრთოვანა. მიმაჩნია, რომ მისი დამატება კლუბის მხრიდან გადადგმული გაბედული ნაბიჯი იყო, რომელმაც გაამართლა“.

„რა მომეწონა მასში ყველაზე მეტად? ამას ორი სიტყვით გეტყვით - თავხედობა და გამბედაობა. ის არის მოთამაშე, რომელიც სისტემატურად პროვოცირებს, მუდამ 1-1-ზე მიდის და გამუდმებით ცდილობს სახიფათო სიტუაციების შექმნას. გულწრფელად რომ გითხრათ, მისი ეს მოძრავი ტექნიკა და ბურთის ტარების უნარი მისი მართლა უდიდესი თვისებებია. ასეთი პროფილის მოთამაშეს იშვიათად თუ ნახავთ. მოძრაობის ტექნიკა, პროვოცირება, გამწვავების უნარი, ვერტიკალურობა... როდესაც მას ვუყურებთ, ნამდვილად შეგვიძლია ამ უნარების გამოყოფა“.

„სჭირდება, თუ არა სხვა კომპონენტებში გაუმჯობესება? ამას გადაჭრით ვერ გეტყვით. სეზონის მეორე ნახევარი მისთვის შედეგიანი იყო. გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, 13 მარტის შემდეგ კი მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე პასი იყო. ეს პერიოდი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირებას დაემთხვა. სწორედ ამ ფაქტმა შეასხა ფრთები და სეზონი ხმაურიანად დაასრულა. მამაც გახდა, ამან კი პირად ცხოვრებაში ბევრი სიკეთე მოუტანა. მართალია, „ბორდო“ ლიგა 1-ში ვერ აღზევდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც გუნდის ბედი გადაწყდა, ამან მას უფრო მეტი თავისუფლება მისცა, რადგან შებოჭილი აღარ იყო. ამასთან, სურდა, რომ მომავალი ტრანსფერისთვის საკუთარი თავი კიდევ უფრო გამოევლინა“.

„თუ სეზონის დანარჩენ ნაწილს შევხედავთ, იმ ზურიკოს ჩრდილს დავინახავთ, რომელიც პირველ სეზონში იყო. აშკარად შორს იყო იმ ზურიკოსგან, რომელიც პირველ წელს ვნახეთ. ის იყო მოთამაშე, რომელიც სისტემატურად ცდებოდა, მაგრამ ბევრის გაკეთება სურდა. სეზონი დევიდ გიონთან ერთად დაიწყო და მოსამზადებელი ეტაპი ფაქტობრივად, არ გაუვლია. შემდეგ კი ალბერტ რიერას ხელში აღმოჩნდა და მიმაჩნია, რომ მის ფილოსოფიას არ შეეფერებოდა“.

„გაამართლებს თუ არა სენტ-ეტიენში? ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ არ გამკვირვებია, რომ მის მიმართ დაინტერესდნენ. როგორც გითხარით, ის იშვიათი პროფილის მოთამაშეა, რომელსაც გამწვავება ბრწყინვალედ შეუძლია. ის ახალგაზრდაა, აქვს ერთი-ერთზე თამაშის უნარი, საზოგადოებას კი ასეთი ფეხბურთელები მოსწონს. ის მრავალმხრივი მოთამაშეა და შეტევაში სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, ახალ კლუბში თავს უცხოდ არ იგრძნობს“.

„ვფიქრობ, მისი გაყიდვით „ბორდო“ დიდ სარგებელს მიიღებს, რადგან ლიგა 2-ში იშვიათია, როდესაც მოთამაშეებს მსგავს ფასად ჰყიდიან. „ბორდო“ 6 მილიონს მიიღებს, ეს კი გარკვეული პოზიციების შევსებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, მისი გაყიდვა უფრო ძვირადაც შეგვეძლო, „სენტ-ეტიენისთვის“ კი ეს საერთოდ არაა დიდი თანხა“.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის აგვისტოში შეუერთდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები