„ხვიჩა ტოპ ფეხბურთელია“ | ჩეხეთის ნაკრების მცველმა კვარა შეაქო
ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი, დავიდ ზიმა ხვიჩა კვარაცხელიას კარგად იცნობს. ზიმა საბა საზონოვის ყოფილი თანაგუნდელია და 2021-24 წლებში „ტორინოს“ ღირსებას იცავდა. მას „კვარას“ წინააღმდეგ უთამაშია და საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრამდე, „ჯვაროსნების“ მარცხენა გარემარბზე ილაპარაკა.
„2022/23 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის იყო. ამ დუეტმა ნაპოლის ულიდერა და საოცარი სტატისტიკა ჰქონდა. კვარაცხელია ტოპ დონის ფეხბურთელია. რაც მთავარია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კიდევ აქვს შანსი, პროგრესს მიაღწიოს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაიმკვიდროს ადგილი. ის ნათლად წარმოაჩენს ხასიათსა და ბრწყინვალე ხარისხს, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქვს“.
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. Opta ფავორიტად ჩეხეთს ასახელებს. სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა. მათგან 45.3 პროცენტში, გამარჯვება ჩეხეთს დარჩა. 29.5 პროცენტში „ჯვაროსნებმა“ მოიგეს, ხოლო 25.2 პროცენტი ფრედ დასრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მსგავსად, პირველი მატჩი ჩეხეთმაც დათმო და პორტუგალიასთან 1:2 წააგო. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.