„ჩეხეთი 2:0-ს ან 2:1-ს მოიგებს“ | დუშან უჰრინ უმცროსი დღევანდელ მატჩზე
„დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინ უმცროსმა საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩზე ისაუბრა. ჩეხი სპეციალისტის თქმით, „ჯვაროსნების“ მთავარი სისუსტე დაცვაა და სჯერა, რომ ჩეხეთი 2:1-ს ან 2:0-ს მოიგებს.
„საქართველო თურქეთთან აქტიური იყო და გამბედაობა არ აკლდა. ქართველები ჩვენთანაც ასე ითამაშებენ და არც პორტუგალიის შეეშინდებათ. მარტივი მატჩი ნამდვილად არ გველოდება, მაგრამ იმედი მაქვს, გამოჩნდება, რომ ჩვენს გუნდს უკეთესი ხარისხი აქვს და 2:1-ს ან 2:0-ს მოვიგებთ.
მთავარი სისუსტე? დაცვაში თამაში ზოგადად ქართული ფეხბურთის სისუსტეა. საქართველოს ნაკრებში ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები ასპარეზობენ და ისინი ერთმანეთს ენდობიან. ჩეხეთი ტაქტიკურად უფრო შეკრული გუნდია და უკეთეს ფიზიკურ კონდიციებშია, მაგრამ ამ თამაშში ჩვენთვის მარტივი არაფერი იქნება. ქართველებს თავიანთი ნაკრები ძალიან უყვართ და მზად არიან, მისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ“.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება რამდენიმე საათში გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა და ეს შეხვედრა ორივესთვის გადამწყვეტია.