გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას მხოლოდ მამარდაშვილი დარჩა | AS-ი ევრო 2024-სა და ღამურებზე

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს და ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ევრო 2024-ზე, „ვალენსიას“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იასპარეზებს. „ღამურების“ ღირსებას გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და შეეცდება, „ჩე“ ასახელოს.

„დიდი ხანია წავიდა დრო, როცა ვალენსიელები სანაკრებო ტურნირებისას ტელევიზორს უყურებდნენ. ესპანეთის ეროვნულ გუნდში „ვალენსიას“ წარმომადგენელი სულ ჰყავდა და „ღამურების“ ფეხბურთელებს სხვა ქვეყნის ნაკრებებშიც იპოვიდით. ახლა, გაიას ტრავმისა და ოზკაჯარის ევროს მიღმა დატოვების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ვნახავთ.

რა თქმა უნდა, მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე და გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება. ის ფაქტი, რომ ოზკაჯარი საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა, განაპირობებს იმას, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩში ვალენსიურ დერბის ვერ ვიხილავთ.

თურქეთის შემდეგ, საქართველო ჩეხეთს შეხვდება, ბოლო ტურში კი პორტუგალიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფს აუტსაიდერის სტატუსით იწყებს, მაგრამ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის საგზური პენალტების სერიაში, საბერძნეთის დამარცხებით მოიპოვეს და მამარდაშვილმა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების მიზანია, სიურპრიზი შემოგვთავაზოს და მერვედფინალში გავიდეს“, - წერს AS-ი.

ცნობისთვის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. მეორე ტურში ჩვენი მეტოქე ჩეხეთი გახლავთ, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი
„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი