ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ვილი სანიოლი და ქართული სასწაული“ | ფრანგული გამოცემა საქართველოს ნაკრებზე

„ვილი სანიოლი და ქართული სასწაული“, - ესაა სტატიის სათაური, რომელსაც ფრანგული სააგენტო, AFP ავრცელებს და საქართველოს ნაკრებზე წერს. ავტორი საკუთარ მკითხველს „ჯვაროსნების“ ლიდერებს აცნობს და ფრანგი სპეციალისტის წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მას შემდეგ, რაც ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე გასვლაში დაეხმარა, მან ხვიჩა კვარაცხელიასთან და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, საქართველოში გმირის სტატუსი მიიღო.

„გმირი? არა, არა. გმირი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ჩემი სამუშაო შევასრულე“, - განაცხადა სანიოლმა უეფა-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სიღრმისეული სამუშაოთი და ფეხბურთელთა ბრწყინვალე თაობით ისარგებლა და 3 წელიწადში, საქართველოს ეროვნული გუნდის ტრანსფორმაცია მოახდინა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა მოკრძალებული განცხადებები გააკეთა, მაგრამ 26 მარტს, როცა საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა, ემოციები ვერ მოთოკა. 47 წლის იუბილედან 8 დღის შემდეგ, ისტორიულმა კვალიფიკაციამ მას ტირილი დააწყებინა.

„ევროპაზე გასვლიდან 2-3 კვირა იყო გასული და ჩვენს თავს ვეკითხებოდით: „ნუთუ ეს მართლა მოხდა?! ნუთუ მართლა გავედით?!“. ამ წარმატებას ვერ ვიჯერებდით“, - განუცხადა სანიოლმა ფიფა-ს. ვილი საქართველოს ნაკრებში გრძელი პაუზის შემდეგ დაინიშნა. მას თითქმის 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ პრიორიტეტი ოჯახია და არა ფეხბურთი.

„საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მინდოდა, როგორც მწვრთნელი, ისე ბედნიერი ადამიანი ვყოფილიყავი. ველოდებოდი განსაკუთრებულ პროექტს, რომლისთვისაც დიდი ყურადღების მიქცევა დამჭირდებოდა. საქართველოსთან საერთო არაფერი მაქვს და როცა გავიგე, რომ ჩემი დანიშვნა უნდოდათ, საკუთარ თავს ვუთხარი: „კი მაგრამ, რატომ საქართველო?!“. ამ ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი“, - იხსენებს სანიოლი.

ვილის სიტყვების მიუხედავად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი იცოდნენ და ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა მას თავკაცის პოსტი 2021 წლის თებერვალში მიანდვეს. საწყისი ეტაპი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ჯვაროსნები 9 მატჩიდან 7-ში დამარცხდნენ, მაგრამ სანიოლს მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს და მანქანამ მოძრაობა დაიწყო.

კვარაცხელიას, მიქაუტაძის, ლუქსემბურგთან დუბლის ავტორი ზივზივაძისა და ვალენსიას მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სახით, სანიოლს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რათა სადებიუტო ევროზე წარმატებით იასპარეზოს“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, ევრო 2024-ის F ჯგუფში, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. მეორე ტურში ჩვენი მეტოქე ჩეხეთი გახლავთ, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი
„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი