ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ერთი ყველას წინააღმდეგ“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს დასკვნით ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლო მატჩში ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა გოლის გატანაც არაერთხელ შეეძლო, თუმცა, მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა სააგენტოებმა კვარას თამაში სხვადასხვაგვარად შეაფასეს:

რას წერენ იტალიურ მედიაში:

Calcionapoli24 – 5.5 ქულა: ის ყველგან მოძრაობდა და მუდამ სივრცეებს ეძებდა. 52-ე წუთზე კარგი მოძრაობა გააკეთა, თუმცა, კარისკენ დარტყმა არ გამოუვიდა. როგორც ჩანს, მის თანაგუნდელებს მისი მსგავსი სურვილი არ აქვთ, რომ თამაშში გარდატეხა შეიტანონ. ის ყოველთვის ცდილობს, მაგრამ მხარს არავინ უბამს.

Calcionapoli1926 – 6 ქულა: პირველ ტაიმში მცირედით პასიურობდა, მეორე ნახევარში კი საგრძნობლად შეიცვალა. მის კარგ თამაშზე გუნდი ინერციას იღებდა. მას რთული დავალება ჰქონდა - დაცლილი გუნდი უნდა აეთამაშებინა. რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.

Tuttonapoli – 5 ქულა: ბევრს მოძრაობდა და ჩვეულებრივ დარტყმებს იღებდა. მუდამ დრიბლინგს გვთავაზობდა და მარცხენა ფეხით შესანიშნავი გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა.

Sport.Virgilio – 6 ქულა: ენთუზიაზმი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მისი თამაში საკმარისი არ იყო. მარცხენა ფლანგზე ისე სიღრმიდან ვერ თამაშობდა, როგორც სურდა. მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა თანაგუნდელების ინდივიდუალური შეცდომების გამოსწორებას.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: ბევრი ეპიზოდი ქართველის ინდივიდუალური მოქმედებით შეიქმნა. გამუდმებით ცდილობდა, რომ ყოველი მოძრაობა შედეგიანად დაესრულებინა, მაგრამ... თუმცა, კალცონას მიერ დაყენებული სამი შემტევიდან აშკარად საუკეთესო იყო.

Footballnews24 – 6 ქულა: ლურჯებში ყველაზე სახიფათო იყო, მაშინაც კი, თუ ბურთს ხშირად ვერ იღებდა. მისი თამაში ერთადერთი იყო, რაც მარადონაზე შეკრებილ გულშემატკივრებში აღელვებას იწვევდა.

ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩას ამდენივე მატჩი ჰქონდა 2022/23 წლების სეზონშიც, თუმცა, მაშინ 12 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება შეძლო. ცნობილი პორტალის, Flashscore-ს ვერსიით, აწ უკვე დასრულებულ სეზონში ხვიჩას თამაში 7.5 ქულით შეფასდა.

მსგავსი სიახლეები