ტორინო, ხვიჩა კვარაცხელია, ლეჩე
Aa
Aa

ფრე ლეჩესთან და ფანების სტვენა - ნაპოლის კატასტროფული სეზონი დასრულდა

იტალიის სერია A-ს დასკვნით ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

სეზონის ბოლო მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, თუმცა, თამაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.

იმის მიუხედავად, რომ კალცონას გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურად უტევდა და გოლის გატანის შანსიც მრავლად ჰქონდა, ანგარიშში სხვაობის შეტანა მაინც ვერ შეძლეს.

კვარა VS ლეჩე

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. გამარჯვების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები კონფერენს ლიგაზე მოხვერის შანსს შეინარჩუნებდნენ. „ნაპოლის“ უშუალო კონკურენტმა, „ტორინომ“ თავისი მატჩი „ატალანტასთან“ 3:0 წააგო და კალცონას გუნდი კი მოგების შემთხვევაში მე-9 ადგილზე აღზევდებოდა. ნეაპოლურმა და ტურინულმა გუნდებმა თანაბარი, 53-53 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო კი მე-9 ადგილი „ტორინოს“ ერგო. თუ კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინა“ „ოლიმპიაკოსთან“ გაიმარჯვებს, მაშინ ამავე ტურნირის საზგურს „ტორინო“ მიიღებს.

„ნაპოლის“ შედეგებისგან იმედგაცრუებულმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები მოედნიდან სტვენის თანხლებით გააცილეს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩას ამდენივე მატჩი ჰქონდა 2022/23 წლების სეზონშიც, თუმცა, მაშინ 12 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება შეძლო. ცნობილი პორტალის, Flashscore-ს ვერსიით, აწ უკვე დასრულებულ სეზონში ხვიჩას თამაში 7.5 ქულით შეფასდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები