პსჟ თვლის, რომ კვარას ფასი 60 მილიონია | ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს შერჩეული. რამდენიმე საათის წინ, Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ფრანგებმა „ნაპოლის“ წინადადებით მიმართეს და „კვარას“ სანაცვლოდ „პარტენოპეის“ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს.
ცნობილმა ჟურნალისტმა, ლოიკ ტანზიმ, ვინც წამყვანი ფრანგული გამოცემისთვის, L’Equipe-ისთვის მუშაობს, დაადასტურა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ქართველი ფეხბურთელის გადაბირება უნდა. ტანზის თქმით, პარიზელები თვლიან, რომ ხვიჩა 60 მილიონი ევრო ღირს და „პარტენოპეისთვის“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
Pas d’offre encore du #PSG pour Khvicha Kvaratskhelia. La direction parisienne estime le joueur à 60M€. Le jeu des négociations a débuté désormais #Mercato
— Loïc Tanzi (@Tanziloic) May 24, 2024
„ნაპოლი“ კვარაცხელიას 120-140 მილიონ ევროდ აფასებს და პრაქტიკულად გამორიცხულია, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იგი 60 მილიონ ევროდ დათმოს. ტანზი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების თამაშები იწყება და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ხელშეუხებელი არავინაა და ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება. გააჩნია მათ სანაცვლოდ როგორ წინადადებას მიიღებენ.