„კრიშტიანუს წინააღმდეგ თამაში ძალიან ამაღელვებელია“ - გიორგი ჩაკვეტაძის ინტერვიუ
„უოტფორდის“ ოფიციალური გვერდი პროექტ Golden Boys-ის ფარგლებში, პერიოდულად გუნდის ფეხბურთელებთან ჩაწერილ ინტერვიუებს აქვეყნებს, რომლებშიც მოთამაშეები კარიერის მანძილზე პირველად გადამხდარ ისტორიებს იხსენებენ. „უოტფორდის“ ყურადღების ცენტრში ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.
გიორგი ჩაკვეტაძის ინტერვიუ „უოტფორდთან“:
პირველი თამაში, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურეთ?
„ისეთი პატარა ვიყავი, კარგად არც მახსოვს. პირველად ტელევიზორში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ თამაშს ვუყურე. ამ თამაშში კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან, ძალიან შორიდან საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ჩემი პირველი ლაივ-თამაში საქართველოში უნდა იყოს, მაგრამ არ მახსოვს, როდის იყო და ვინ თამაშობდა“.
პირველი გმირი?
„კრიშტიანუ. ძალიან მომწონს, რადგან ცხოველს ჰგავს, შრომისმოყვარე და წარმატებულია. ის კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და პორტუგალია ერთ ჯგუფში არიან და ეს ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია - მოუთმენლად ველი მის წინააღმდეგ თამაშს. თუ შესაძლებლობა მომეცემა, მაისურს აუცილებლად ვთხოვ!“
პირველი საფეხბურთო ფეხსაცმელი?
„ეს Nike-ის ბუცები იყო. მგონი Mercurial. ეს ბრენდი მიყვარს და ამ ბუცებით თამაში ძალიან მომწონდა, ამგრამ ახლა Adidas-ს ვიყენებ“.
პირველი საფეხბურთო მაისური?
„ეს თბილისის „დინამოს“ თეთრი მაისური იყო, სადაც მე ვთამაშობდი. ზურგზე გვარი არ ეწერა, მხოლოდ 10 ნომერი“.
პირველი პროფესიონალური თამაში?
„ეს 17 წლის ასაკში მოხდა, თბილისის „დინამოში“. არ მახსოვს ვის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ რა თქმა უნდა მახსოვს, რომ კარგად ვითამაშე“.
პირველი გოლი?
„პირველი გოლიც „დინამოში“ გავიტანე. სიგიჟეა, მეტოქეები არ მახსოვს. უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც პირველ გოლს იტან, ეს საოცარი გრძნობაა“.
პირველი წითელი ბარათი?
„ეს ბელგიაში ყოფნის პერიოდში მოხდა. პირველი წითელი ბარათი „ანტვერპენთან“ მივიღე, მაგრამ იმ ეპიზოდში არ გამიმართლა. ფეხბურთელს შემთხვევით ჩავარტყი და შემდეგ VAR-მა თქვა, რომ ეს წითელი ბარათი იყო“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
25 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ევროპირველობა 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.