სლავკო ვინჩიჩი, იშტვან კოვაჩი, არტურ მანუელ სოარეშ დიაში
Aa
Aa

ვინ იმსაჯებს ევროტურნირების ფინალებს - სამივე არბიტრი ცნობილია

უეფას სამივე ევროპული საკლუბო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა და როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპა და კონფერენს ლიგის ფინალისტები ცნობილია. დღეს გაირკვა იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც სეზონის კულმინაციურ მომენტში, ამ სამ გადამწყვეტ თამაშს მოემსახურებიან.

1 ივნისს ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯი სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი იქნება. „ყვითლების“ მონაწილეობით მან წლევანდელ გათამაშებაში ერთი მატჩი უკვე იმსაჯა, რომელიც დორტმუნდელებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და მადრიდის „ატლეტიკო“ მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში 4-2 დაამარცხეს.

იშტვან კოვაჩის სახით რუმინელი მთავარი არბიტრი ეყოლება ბერგამოს „ატალანტასა“ და „ლევერკუზენის“ ფინალს ევროპა ლიგის გათამაშებაში. წლევანდელი ევროტურნირების პლეი ოფებში ის ერთხელ ევროპა ლიგის (ვილიარეალი-მარსელი), ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის (ინტერი-ატლეტიკო, ბარსელონა-პსჟ) შეხვედრას მოემსახურა.

29 მაისს, ათენში გასამართ ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის, კონფერენს ლიგის ფინალს, სადაც პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მეტოქე ფლორენციის „ფიორენტინა“ იქნება, პორტუგალიელი არტურ სოარეშ დიაში განსჯის. წელს ის ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის ორ მატჩს, „ლივერპული“ – „სპარტასა“ და „ლევერკუზენი“ – „ვესტ ჰემს“ მოემსახურა და ორივე შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობას თავი საკმაოდ კარგად გაართვა, რის გამოც უეფასგან ასეთი ნდობა კარიერაში პირველად დაიმსახურა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის სენსაცია - დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
სეზონის სენსაცია - დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია