„ჩამოსვლის პირველივე დღიდან ბორდალასს ძალიან მოეწონა“ - ვალენსია 2-ის მწვრთნელი მამარდაზე
„ვალენსიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად, „ღამურებუს“ მეორე გუნდის („ვალენსია მესტალიას“) მთავარმა მწვრთნელმა, მიგელ ანხელ ანგულომ ესპანურ Onda Cero Valencia-სთან ინტერვიუს დროს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერსა და შემდგომ პროგრესზე ისაუბრა.
რას ამბობს ანგულო:
„გიორგისთან ვარჯიში არასდროს მომიწია. როდესაც „ვალენსიაში“ ჩამოვიდა, მაშინვე პირველ გუნდს შეუერთდა და ბორდალასსაც მოეწონა. მისთვის გუნდში გატარებული პირველივე წუთები წარმატებული იყო და სარეზერვო გუნდთან ერთად საერთოდ არ უვარჯიშია“.
ანგულო ვალენსიურ სააგენტოს აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებზეც ესაუბრა:
„დღეისთვის, აკადემიაში 3, ან 4 წარმოუდგენელი ნიჭის ფეხბურთელი თამაშობს. მათ თავისუფლად შეუძლიათ სამომავლოდ პირველ გუნდში თამაში. ერთ-ერთი ასეთი კრისტიან მოსკერას ძმა, იულიან მოსკერაა. მისი ნიჭი ბრწყინვალედ ასახავს იმ პროექტს, რომელიც კლუბმა აკადემიაში განახორციელა“.
გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ „ვალენსიას“ გუშინ, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში მეცამეტედ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მართალია, მისმა გუნდმა 0:0 ითამაშა, თუმცა, მამარდამ „ღამურები“ გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.
ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ კარი 34 თამაშში დაიცვა და 35 გოლი გაუშვა. 35 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-8 პოზიციაზეა და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ბეტისს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, რუბენ ბარახას გუნდი კი მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, თბილისის დროით 23:55 საათზე სტუმრად, „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.