ლევან საგინაშვილი, დევონ ლარატი
Aa
Aa

საგინაშვილი: კონკურენტი დევონ ლარატი დამეხმარა და აშშ-ში უფასოდ ვიმკურნალე

მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელმა, 35 წლის ლევან საგინაშვილმა გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში („არა სერიოზული PODCAST) სტუმრობისას ბევრ თემაზე ისაუბრა. ლევანმა ტრავმაზე, ოპერაციასა და ასაკის მატებასთან ერთად ვარჯიშების ინტენსიურობაზე საინტერესო დეტალები გაგვიმხილა.

ლევან საგინაშვილი: „მაქსიმალისტი ვარ. როცა შეჯიბრისთვის ვემზადები, ბოლომდე თავს ვიკლავ. მართლა ბეწვის ხიდზე გავდივარ ხოლმე. ზაფხულში მაჯის ტრავმა მივიღე, ძალიან მძიმე დაზიანება იყო, ჰანტელით (95 კგ.) ვარჯიშისას მყესი გავიხიე.

სასაცილო რა არის იცი? ისეთ მეტოქეს ვხვდებოდი, საერთოდ არ მჭირდებოდა ამდენად დიდი წონის ჰანტელით ვარჯიში, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერს ბოლომდე ვაკეთებ. ვრისკავ ხოლმე, როცა 134 კილოგრამს აწევ... ეს სარისკოა. მომზადების დროს აზარტში შევდივარ, მეტოქეზე ნაკლებად ვფიქრობ, ჩემს თავზე ვფიქრობ, ჩემს თავს ვეჯიბრები.

რაც შეეხება ტრავმას, რეაბილიტაცია საკმაოდ რთული იყო. ჩემი მეტოქე დევონ ლარატი, ახლა ვისაც მოვუგე, დამეხმარა, რომ ამერიკაში მემკურნალა. სრულიად უფასოდ მიმკურნალეს. ხელოვნური უჯრედები გადამინერგეს. შემდეგ ოპერაცია თურქეთშიც გავიკეთე. ვერ ვიტყვი რომ ტრავმა 100 პროცენტით მორჩენილი მაქვს, მაგრამ მოგებას ეყო.

ასაკი ვარჯიშების ინტენსიურობაზე გავლენას ახდენს. ზოგჯერ იმდენად რთული ვარჯიშები მაქვს, დარბაზიდან სახლში რომ ვბრუნდები, დაღლილობისგან მთელი ღამე ვერ ვიძინებ. 

22-23 წლის ასაკში ვარჯიში ყოველდღე შემეძლო, მაგრამ ახლა ერთი დღე რომ ვივარჯიშებ, მეორე დღეს შანსი არაა, შეიძლება მეორე დღეს ლოგინიდან ვეღარ ავდგე, ან შეიძლება ავდგე, ვჭამო და ისევ დავწვე''.

გასულ თვეში, სტამბოლში, მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილი გამოვიდა, მისი მოწინააღმდეგე კანადელი დევონ ლარატი იყო, რომელიც საგინაშვილმა მარტივად, რაუნდის დათმობის გარეშე (4:0) დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები