გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

6 გოლი ბოლო ოთხ მატჩში - მიქაუტაძის გოლების საოცარი სერია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „მეცი’’ შინ „ლილისთან’’ 1:2 დამარცხდა. 

ტრადიციულად, „მეცის’’ ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ თამაში სასტარტოდან დაიწყო, ანგარიში 23-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა, თუმცა სტუმრებმა თამაში პირველივე ტაიმში შემოატრიალეს.

მიქაუტაძეს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ასევე, 37-ე წუთზე კონტრშეტევის წამოწყებას ცდილობდა, როცა მის წინააღმდეგ თამაშის წესი ჯონათან დევიდმა დაარღვია და არბიტრმა კანადელს ყვითელი ბარათი უჩვენა. მეორე ტაიმში ქართველ ფორვარდს გოლის გატანის რეალური შანსი არ ჰქონია.

მიქაუტაძის საუკეთესო მომენტები

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 17 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა, მან „ბრესტისთან’’ (2), „ლანსთან’’ (2), „ლე ავრისთან’’ და „ლილისთან'' გამოიჩინა თავი.

ამ ეტაპზე „მეცი'' 29 ქულით მე-16 ადგილზეა, ამდენივე ქულაა „ლე ავრის'' აქტივში, რომელმაც 31-ე ტურში პსჟ-სთან 3:3 ითამაშა. თუ მიმდინარე ტურში „ლორიენი'' შინ „ტულუზას'' დაამარცხებს, „ლე ავრისა'' და „მეცის'' ქულებით გაუთანაბრდება. მე-18 და მე-17 ადგილზე გასული გუნდები ლიგა 2-ში გავარდებიან, ხოლო გუნდი რომელიც მე-16 ადგილს დაიკავებს, ფლეი-ოფის გზით ეცდება ელიტაში აღზევებას.

32-ე ტურში „მეცი'' „რენის'' მიიღებს (4 მაისი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები