გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გოლიათი, ვისაც უნდოდა დავითი ყოფილიყო“ | El Desmarque-ის სტატია მამარდაზე

„გოლიათი, ვისაც უნდოდა, დავითი ყოფილიყო და ვინც მთელი ევროპა ფეხზე წამოაყენა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას El Desmarque-ი და „ვალენსიას“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს.

„გიორგი მამარდაშვილი, ვისი მამაც მეკარეების მწვრთნელია და დავითი ჰქვია, „ვალენსიას“ გმირი გახლავთ. მისი გაფორმება ნახევარ ევროპას უნდა და 23 წლის ასაკში, თავი უმაღლეს დონეზე დაიმკვიდრა. საბერძნეთთან გამართული შეხვედრა, რომელშიც მან პენალტი მოიგერია და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა, აღმოჩნდა ის, რაც გიორგის კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარის სტატუსის დასამკვიდრებლად სჭირდებოდა. მისი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და კვირა არ გადის ისე, რომ ევროპის ტოპ კლუბების ინტერესის შესახებ არ დაიწეროს.

„მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა. სტაბილურია და სერიოზულ შეცდომებს არ უშვებს. მართალია, 23 წლისაა, მაგრამ „ვალენსიაში“ უკვე დიდ პატივს სცემენ“, - განუცხადა საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერმა, ოთარ გაბელიამ EFE-ს.

„ვალენსიას“ მეკარე „ღამურების“ ტიტანია და Transfermarkt-ზე ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერია. იგი „მანჩესტერსა“ და „ჩელსის“ უკვე დაუკავშირეს და ბოლოს „ტოტენჰემის“, „მილანისა“ და „ნიუკასლის“ ინტერესზეც დაიწერა. მას ჩესთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დაინტერესებული კლუბების რაოდენობა იზრდება, მიგვანიშნებს იმაზე, რომ გიორგი გუნდს ზაფხულში დატოვებს.

მამარდაშვილმა, ვისაც ევროპული გრანდების ყურადღება უკვე მიქცეული აქვს, საბერძნეთთან მატჩში, საქართველოს ძირითად და დამატებით დროში ოცნება შეუნარჩუნა, პენალტების სერიაში კი გმირის სტატუსი მოირგო და თერთმეტმეტრიანი მოიგერია. MADLOBA - ეს არის სიტყვა, რომელიც ფეხბურთის მოყვარულმა ქვეყანამ და გულშემატკივრებმა გიორგის უთხრეს.

მამარდაშვილმა ფეხბურთის თამაში მოკრძალებულ კლუბში, „გაგრაში“, 10 წლის ასაკში დაიწყო, სადაც მისი მამა, დავითი მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა: „რა თქმა უნდა, როგორც მამა, მთელი მატჩის განმავლობაში ვნერვიულობ, როცა გიორგი თამაშობს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი შვილი არასდროს ნებდება და ყოველი წაგების შემდეგ, ფეხზე წამოდგომა შეუძლია“.

დავითს კარგად ახსოვს, გიორგის პირველი თამაში, როცა მან უთხრა, რომ სურდა, მამისთვის მიებაძა და მეკარეობა აერჩია: „მახსოვს, რომ იმ მატჩში ბურთი ცხვირში მოხვდა. ცრემლები მოიწმინდა და თამაში განაგრძო“. ამას ოთარ გაბელიაც ადასტურებს, რომელიც აცხადებს: „მამარდაშვილს ბევრი თვისება აქვს და ერთ-ერთი გამორჩეული უმძიმესი წაგებების შემდეგ, ფეხზე წამოდგომის უნარია“.

ქართველ მეკარეს „ვალენსიაში“ მეტეორული აღმასვლა ჰქონდა. გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ესპანური პრესის პატივისცემაც მოიპოვა. ამ მომენტისთვის, ის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და Transfermarkt-ზე მისი ფასი ეტაპობრივად იზრდება.

„ჩემი შვილი სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდა“, - აღნიშნა გიორგის მამამ. თავად ფეხბურთელი კი ამბობს, რომ „ჩე“ ერთი დიდი ოჯახია, რაც ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა“. ოთარ გაბელიას მიხედვით, მამარდა პროგრესს გააგრძელებს და მალე დიდ ევროპულ კლუბში მოხვდება“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 32 კარი კი მშრალად 11 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი, 30 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნეაპოლელები ქართველებს ძალიან ჰგვანან“ | კვარა სერია A-ს დოკუმენტურ ფილმში
„ნეაპოლელები ქართველებს ძალიან ჰგვანან“ | კვარა სერია A-ს დოკუმენტურ ფილმში