არსენალი, ბაიერნი, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

ფრე მადრიდში და ლონდონში - ყველაფერი მანჩესტერში და მიუნხენში გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გულშემატკივრებმა ორი დიდებული დაპირისპირება იხილეს. მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა, ხოლო „არსენალმა“ „ბაიერნს“. ორივე მატჩი ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის ბედი განმეორებით დაპირისპირებებში გაირკვევა.

მადრიდში გამართულ მატჩში უფრო აქტიურად „ქალაქელებმა“ დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ბერნარდუ სილვამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

„ბლანკოსი“ ანგარიშს არ შეეგუა და მე-12 წუთზე წონასწორობა აღადგინა. კამავინგას დარტყმა რუბენ დიაშს მოხვდა და ბურთი კარში შეგორდა. ზუსტად ორ წუთში ვინისიუს ჟუნიორის ბრწყინვალე პასით როდრიგომ ისარგებლა და „სამეფო კლუბი“ დააწინაურა. პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში „სიტი“ გააქტიურდა, თუმცა „რეალი“ თავს იდეალურად იცავდა. გუარდიოლას გუნდს ჩვეული კომბინაციებით მომენტების შექმნა არ გამოსდიოდა და ფეხბურთელებმა საჯარიმოს გარედან სცადეს დარტყმები, რამაც შედეგი გამოიღო.

66-ე წუთზე ფილ ფოდენმა ყუმბარისებული დარტყმით ლუნინის კარი აიღო, ხოლო 71-ე წუთზე იოსკო გვარდიოლამ ასევე საჯარიმოს გარედან გაისროლა და „სიტი“ დააწინაურა. თითქოს მადრიდელებს ენერგია აღარ ჰქონდათ, მაგრამ ფედე ვალვერდე ასე არ ფიქრობდა.

ვინისიუსის ბრწყინვალე პასის შემდეგ ურუგვაელმა ნახევარმცველმა ერთი შეხებით დაარტყა და ორტეგას შანსი არ დაუტოვა. საბოლოო ჯამში 3:3.

ლონდონში გამართული მატჩიც გამორჩეული იყო. „არსენალმა“ დიდი ძალებით შეუტია და მე-12 წუთზე ბუკაიო საკამ „მეთოფეები“ დააწინაურა. არტეტას შეგირდები კვლავ უკან მოუხედავად უტევდნენ და საკუთარ ნახევარზე სივრცეებს ტოვებდნენ.

ამ ყველაფრით ჯერ მე-18 წუთზე სერჟ გნაბრიმ ისარგებლა, ხოლო 32-ე წუთზე ლონდონელთა კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან ჰარი კეინი მივიდა, რომელმაც გაიტანა და „რეკორდმაისტერი“ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში „არსენალი“ გააქტიურდა და 76-ე წუთზე ტროსარდმა წონასწორობა აღადგინა. მატჩის მიწურულს, გერმანელთა კართან მომენტი შეიქმნა, რა დროსაც ნოიერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. „მეთოფეები“ პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა არც ვიდეო რეფერიზე გადაამოწმა და რეაგირებაც არ ჰქონდა. მეტიც, რამდენიმე წამში მატჩი დაასრულა. საბოლოოდ 2:2 და ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება.

აღნიშნული 2 მატჩის განმეორებითი შეხვედრები 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოსი მესისთან ან რონალდუსთან? აგენტი მაიამის და საუდის არაბეთს ესტუმრა
რამოსი მესისთან ან რონალდუსთან? აგენტი მაიამის და საუდის არაბეთს ესტუმრა