გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ღვინო, ფეხბურთი და მთები | ცნობილი გამოცემის სტატია ქართულ ფეხბურთზე

„ფეხბურთი, ღვინო და მთები: საქართველოს საოცარი აღზევების ამბავი“, - ასეთია ვრცელი სტატიის სათაური, რომელსაც Breaking The Lines-ი აქვეყნებს. ავტორი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე წერს და ჩვენი ფეხბურთის პროგრესზე საუბრობს.

„მსოფლიო სცენაზე, ქართული ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი არ ყოფილა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძისა და განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეულმა თამაშმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია და ნათელი მოეფინა ტალანტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში იხარშება.

ქართული ღვინისგან განსხვავებით, საფეხბურთო საზოგადოების ფართო მასები ქართულ ფეხბურთს სათანადოდ არ აფასებენ. არსებობს გაბატონებული მოსაზრება, რომ ამ რეგიონის ფეხბურთს ხარისხი აკლია, რამაც ჩემპიონატის განვითარების მხრივ სტაგნაცია და საერთაშორისო გამოცემებისგან ინტერესის კლება გამოიწვია. ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების აღზევებამ და მათ მიერ მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებში თავის დამკვიდრებამ, უარყო მოსაზრება, თითქოს ქართულ ფეხბურთში ხარისხის ნაკლებობაა.

მიუხედავად ამჟამინდელი დაუფასებლობისა, საქართველოს საფეხბურთო ისტორია მნიშვნელოვანი ტრიუმფებით გამოირჩევა. ქართული კლუბი, დინამო თბილისი საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და სსრკ-ის ჩემპიონატში მაღალ დონეზე გამოდიოდა. 1981 წელს, დინამო თბილისმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და თასების მფლობელთა თასი მოიგო. დინამო თბილისი დღემდე ერთადერთი ქართული კლუბია, რომელსაც ევროტურნირი აქვს მოგებული. სსრკ-ს დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულ ფეხბურთს რეგრესი დაეწყო, რაც აფხაზეთში მომხდარი ბრუტალური კონფლიქტით იყო განპირობებული და შედეგად, სპორტში უკუსვლისა და სტაგნაციის პერიოდი დადგა.

შოთა არველაძის, გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და თემურ ქეცბაიას მსგავსი ტალანტების ყოლის მიუხედავად, საქართველო მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოს არ ყოფილა. ვითარება რამდენიმე დღის წინ შეიცვალა, როცა ჯვაროსნებმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საგზური პირველად დაისაკუთრეს. საქართველოს ნაკრები ისტორიის დაწერასთან 2020 წელსაც ახლოს იყო და პლეიოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. მაშინ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც, ნაკრები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შერჩა პროექტი, რომელმაც წარმატება ვერ მოიტანა. გარდამტეხი მომენტი კოსოვოსთან მოგებული შეხვედრა აღმოჩნდა, რის შემდეგაც ქართველებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და უეფას ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.

საქართველოში ახალგაზრდა მოთამაშეების უწყვეტი ნაკადი არსებობს, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ და მათი უმრავლესობა, დედაქალაქის კლუბის აკადემიას წარმოადგენს. დინამო თბილისის აკადემიას უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები აღუზრდია და მაგალითად შეგვიძლია გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა პარკაძე და გაბრიელ სიგუა მოვიყვანოთ. საქართველოში არსებობს ოპტიმიზმი, რომ მალე ახალი ხვიჩა კვარაცხელიაც გამოჩნდება, მაგრამ ნაპოლის გარემარბის მეტეორულ აღმასვლას თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ რაღაც საოცრების გაკეთება იქნება საჭირო, რათა საქართველომ მისი კალიბრის კიდევ ერთი მოთამაშე ასეთ მცირე დროში იპოვოს.

ქართული ფეხბურთის პროგრესზე მეტყველებს ქვეყანაში დარეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობაც. 2015-დან 2021 წლამდე, მათი რიცხვი გაორმაგდა და 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა. უეფას დახმარებით, საქართველომ ინფრასტრუქტურაც გააუმჯობესა და ახალგაზრდა მოთამაშეების გასავითარებლად ოპტიმალური გარემო შექმნა. ამ მეთოდური და სტრატეგიული მუშაობის კულმინაცია ეროვნული ნაკრების ტრიუმფი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ქართული ფეხბურთის მომავალში ნამდვილად შეიმჩნევა პოზიტიური ნიშნები“, - წერს Breaking The Lines-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ჩეხეთი, თურქეთი და პორტუგალია არიან. Breaking The Lines-ს რაც შეეხება, ის ცნობილი გამოცემაა, რომელიც ძირითადად, ტაქტიკურ საკითხებსა და სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: ბარსელონა კვარას ტრანსფერზე მუშაობს - კონტაქტი შედგა
AS: ბარსელონა კვარას ტრანსფერზე მუშაობს - კონტაქტი შედგა