„საოცარი სტუმართმოყვარეობა“ | ბერძნული პრესა ქართული მხარის ჟესტს გამოეხმაურა
Aa
Aa

„საოცარი სტუმართმოყვარეობა“ | ბერძნული პრესა ქართული მხარის ჟესტს გამოეხმაურა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველო საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ბერძნები უკვე თბილისში იმყოფებიან და სასტუმროში, რომელშიც დაბინავდნენ, სიურპრიზი დახვდათ. 25 მარტი საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეა და ქართულმა მხარემ მათ ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა.

„თეთრ-ლურჯებს“ სასტუმროში მონიტორზე გამოსახული საბერძნეთის დროშა და დამოუკიდებლობის დღის მილოცვა დახვდათ. აღნიშნული ფაქტი ბერძნულ მედიას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ქართული მხარის ჟესტზე რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ დაწერა.

„საბერძნეთის დელეგაცია მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება და საქართველო, 54 000 ქომაგის წყალობით, მათ ცხელ მიღებას უმზადებს, თუმცა, ქართველებმა თავისი საოცარი სტუმართმოყვარეობით კვალი მაინც დატოვეს. ლამაზი ჟესტი, რომელიც მასპინძლებმა პოიეტსა და მის ფეხბურთელებს სასტუმროში დაახვედრეს“, - წერს Sport24.gr.

„დღეს საბერძნეთისთვის განსაკუთრებული დღეა და 1821 წლის რევოლუციის დაწყებიდან 203 წელიწადი გავიდა. როგორღაც, ქართველებმა მოისურვეს, ჩვენი ნაკრებისთვის პატივი ეცათ და სასტუმრომ, რომელშიც ჩვენი დელეგაცია იმყოფება, მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა“, - წერს Sportal.gr.

„ქართველების სტუმართმოყვარეობა საოცარია. სასტუმროში, რომელშიც საბერძნეთის ნაკრები იმყოფება, გამოჩნდა მესიჯი: „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - წერს Newsit.gr.

„ქართველთა სტუმართმოყვარეობა ჯერჯერობით საოცარია, რასაც მათი ბრწყინვალე ჟესტიც ასახავს და მასპინძლებმა ჩვენს ნაკრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს“, - წერს To10.gr.

„ქართველების ლამაზი ჟესტი 25 მარტისთვის. სასტუმროში, რომელშიც ჩვენი ნაკრებია გაჩერებული, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ბანერი გამოჩნდა", - წერს In.gr.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი