მოვლენებს აკვირდებიან | ზურიკო ოლიმპიაკოსის მთავარი სამიზნეა
ბერძნულ პრესაში ზურიკო დავითაშვილსა და „ოლიმპიაკოსზე“ კიდევ ერთხელ დაიწერა. Sportdog-ის ინფორმაციით, „წითელ-თეთრებს“ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დანამდვილებით აქვთ — უფრო მეტიც, ზურიკო მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
„ოლიმპიაკოსს“ გარემარბის პოზიციის გაძლიერება სურს და, იდეალურ სცენარში, დავითაშვილის დამატებაზეა ორიენტირებული. ბერძნები ზურიკოს გარშემო შექმნილ ვითარებას დიდი ხანია აქტიურად აკვირდებიან, თუმცა „სენტ-ეტიენისთვის“ მორიგი შეთავაზების გაკეთება გადაწყვეტილი არ აქვთ.
„მწვანეებმა“ „ოლიმპიაკოსის“ წინადადება ერთხელ უკვე დაბლოკეს და 13 მილიონ ევროზე უარი განაცხადეს. ფრანგებს 20 მილიონი ევროს მიღება სურთ და დათმობებზე წასვლას გამორიცხავენ. Sportdog-ის მიხედვით, დიდი შანსია, „წითელ-თეთრებმა“ „სენტ-ეტიენს“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართონ და მათი დაყოლიება სცადონ.
ცნობისთვის, საფრანგეთში ლიგა 2-ის სეზონი უკვე დაიწყო. „სენტ-ეტიენმა“ ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო. დავითაშვილმა ორივე მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და „სოშოსთან“ 21, ხოლო „კლერმონთან“ 31 წუთი ითამაშა. ,